ერთპიროვნული გადაწყვეტილება? როდის გააღებენ ჯვრის მონასტერს

{{ARTICLEIMAGE}}

მცხეთის ჯვრის მონატრის ჩაკეტვისა და მასში მლოცველებისა და ტურისტების არშეშვების მიზეზი, მონასტრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ვითარება გახდა, განმარტავს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღვარმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა მიიღო. მისივე თქმით, მცხეთის ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები, სავარაუდოდ, აღარ დაიშვებიან: “მე ვიცი, რომ მონასტერი დროებით დაიკეტა და მიზეზი სწორედ გარემოვაჭრეების ფაქტორია. იქ არის ძალიან მოუწესრიგებელი მდგომარეობა, დახლები, რომელიც ამახინჯებს და ქმნის მონასტრისათვის შეუსაბამო გარემოს. არამგონია, გარემოვაჭრეებს ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალება მიეცეთ. მე რამდენადაც ვიცი, გარემოვაჭრეების ასეთი სიმრავლე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მონასტრისთვის. უნდა მოწესრიგდეს მდგომარეობა, ასეთია პოზიცია. მოგეხსენებათ, რომ ეს მონასტერი დიდი ყურადღების ცენტრშია და მას სხვადასხვა რანგის სტუმრები სტუმრობენ და ტურისტთა ნაკადიც დიდია, ამიტომ ბუნებრივია წინამღძვარი გარემოს მოწესრიგებას ითხოვდეს”, განმარტავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

მცხეთის ჯვრის მონასტერი მომლოცველებისთვის და ტურისტებისთვის, სავარაუდოდ, ხვალ გაიხსნება, განაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ. მისი თქმით, მონასტრის დაკეტვის გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღვარმა მამა კონსტანტინემ ერთპიროვნულად მიიღო.

გიორგი კაპანაძე ასევე გააკეთა კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს სასულიერო პირებს სურთ, რომ მონასტრის ტერიტორია დატოვონ გარემოვაჭრეებმა.

გიორგი კაპანაძე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტმა მის კომპეტენციაში არსებული სამუშაოები უკვე შეასრულა და გარემოვაჭრეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა, ასევე ვაჭრობის უფრო ცივილური ფორმებიდან გამომდინარე, მერიამ დაამზადა ჯიხურები, რომელიც აკმაყოფილებს არსებულ სტანდარტებს და არ ავნებს მონასტრის იერსახეს. მერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის იძულებით ვერ დაატოვებინებს ვერც ერთ ადამიანს ტერიტორიას, ვინაიდან ვაჭრობა მათი ერთადერთი საარსებო წყაროა: “როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, მამა კონსტანტინემ. სავარაუდოდ, ეს დიდი ხანი არ გაგრძელდება და ხვალ გაიღება ტაძარი. მე ვერ გამოვიყვან იქ მყოფ ადამიანებს და ხელებს ვერ გადავუგრეხ მათ, რომლებიც ამინდის მიუხედავად, ვაჭრობენ, რათა არჩინონ ოჯახები. მერიამ რაც გააკეთა, არის ის, რომ მოვაჭრეები გადაიყვანა გზის სავალი ნაწილიდან და ეს ტერიტორია მთლიანად დაუთმო მონასტერს”, განაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ.

წყარო – რადიო თავისუფლება