{{ARTICLEIMAGE}}დიდ დიღომში, ავთანდილის 8 –ში მდებარე კორპუსში, სადაც გაზის გაჟონვას ძლიერი აფეთქება და მსხვერპლი მოჰყვა ექსპერტებმა მუშაობა დღეს საღამოს დაასრულეს. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ხვალიდან აქტიურად დაიწყება კორპუსის გაწმენდითი სამუშაოები. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება აღდგენის პროცესი. უცნობია აღდგენითი სამუშაოების დაწყების ან დასრულების ვადები. პირველადი მონაცემებით კორპუსის მზიდი კონსტრუქცია არ დაზიანებულა, ის საცხოვრებლად ვარგისია და აღდგენას ექვემდებარება.
ამ ხნის განმავლობაში დაზიანებულ კორპუსში შესვლა იქაური მაცხოვრებლებისთვისაც შეზღუდულია. მათ საკუთარ ბინებში ნივთების ასაღებად დღესაც მაშველი და პოლიციელი მიყვებოდა. ორსადარბაზოიან კორპუსში 80 –მდე ოჯახი ცხოვრობს, რომელთაგან ნაწილი აფეთების შემდეგ ახლობლებთან გადავიდა საცხოვრებლად, ნაწილი კი სასტუმროებში დაბინავდა. როგორც კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, მერია და გამგეობა საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დაზარალებულ ოჯახს სასტუმროში დაბინავებას სთავაზობს და ხარჯებს ანაზღაურებს.
აფეთქება დიდ დიღომში 16 იანვარს საღამოს ცხრის ნახევრისთვის მოხდა. მეექვსე სართულზე ერთ–ერთ ბინაში დაგროვილი ბუნებრივი აირის აფეთქებას ამ სართულზე მცხოვრები ოჯახის სამი წევრი –ორი ქალი და ერთი მცირწლოვანი ბავშვი, ასევე მეზობელ ბინაში სტუმრად მისული მამაკაცი შეეწირა. აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურდა მეექვსე სართულზე მდებარე ბინები, დაზიანდა სხვა სართულების ბინების ნაწილი. კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია იმავე საღამოს მოხდა.