სიტყვებმა, რომლებიც მამაკაცს ვერძს ესიამოვნება, შესაძლოა მამაკაც თევზებს გული ატკინოს და თავმოყვარეობა შეულახოს. მოგიყვებით, როგორ უნდა მოვიქცეთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცებთან, თუ მათთან მეგობრობა გვინდა.
ვერძ მამაკაცთან ურთიერთობა ურთიერთგაგებასა და პატივისცემას უნდა ემყარებოდეს. ამას მოითხოვს მათი ღირსების გრძნობა. ამასთან, მათ თვითკმარ და მუდმივად სიმაღლეების დაპყრობისკენ მომართულ ნატურას სანტერესო მოსაუბრე სჭირდება, რომელსაც შეუძლია საკუთარი აზრი მშვიდად და გარკვევით ჩამოაყალიბოს და სხვისი აზრიც პატივისცემით მოისმინოს.
კურო მამაკაცს უნდა გვერდით საიმედო ადამიანი ყავდეს, რომელსაც ძალიან გაუფრთხილდება. კუროებთან თავი უბრალოდ და ბუნებრივად უნდა გეჭიროთ, დარჩეთ ის რაც ხართ და არ ეცადოთ თავი განსაკუთრებულად წარმოაჩინოთ. კურო პატიოსნებას ძალიან აფასებს – თქვენი სიტყვები ყოველთვის საქმეს უნდა შეესაბამებოდეს , ნათქვამი კი სინამდვილეს. თუმცა ამ ნიშნის წარმომადგენლები მეგობრობაში ძალიან მგრძნობიარეები არიან და მათი გულისტკენა ადვილად შეიძლება, თუ მაგალითად სხვების მიმართ მომეტებული ყურადღება შეგატყოთ.
ტყუპებთან ღრმა და მყარი ურთიერთობების დასამყარებლად მეტისმეტი მონდომება არ ღირს. მათი ზედაპირული ნატურა თქვენს მონდომებას მაინც წყალს გაატანს. ურთიერთობებში მათ სიმსუბუქე აინტერესებთ, ყოველგვარი ვალდებულებების და მოთხოვნების გარეშე. ასეთ არაერთგვაროვან და გაორებულ ნატურასთან ურთიერთობისას რაღაც საერთო, შეხების წერტილი უნდა იპოვნოთ. ასეთ შემთხვევაში ტყუპების მუდმივ ინტერესს შეინარჩუნებთ.
კირჩხიბებისთვის გარშემომყოფებთან გახსნა ადვილი არ არის. ამიტომაც ხშირად ცხოვრებაში მეგობრებს პირველ ადგილზე აყენებენ. ისინი ძალიან აფასებენ მათ მიმართ კეთილგანწყობილ ურთიერთობას და ყოველთვის ცდილობენ საპასუხო კეთილგანწყობა არ დაიშურონ. კირჩხიბები ასევე ძალიან აფასებენ მათ, ვისაც მათი შეცდომების გაგება და ზოგიერთ სისუსტეზე თვალის დახუჭვა შეუძლია. თუ კირჩხიბმა თქვენში ეს დაინახა, ჩათვალეთ რომ მისთვის უახლოესი და მშობლიური ადამიანი ხართ.
ლომ მამაკაცზე წინ არასოდეს დააყენოთ თავი. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მას გაუკეთოთ მასთან თანაბარ დონეზე ურთიერთობაა. ლომებს სიამოვნებთ ქება–დიდება, კრიტიკა და შეცდომებზე მითითება კი მათ სერიოზულ გაბრაზებას იწვევს. მეგობრულ ურთიერთობებში ყველაზე დიდი დარტყმა მათთვის შეიძლება ღალატი გახდეს, რასაც ლომები არასოდეს პატიობენ.
ქალწულების ეგოისტი გულის მოგება მხოლოდ ქებით და აღტაცებით შეიძლება. ისინი ამას ხშირად იმსახურებენ კიდევაც. ქალწულების კრიტიკული ხასიათი კეთილგანწყობით და სითბოთი უნდა გაანეიტრალოთ. არ არის აუცილებელი მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა. გულითადი ემოციები ქალწულებს არ აღელვებს. მათი დაინტერესება მხოლოდ მახვილგონიერებით, საინტერესო მსჯელობით და ინტელექტუალური საუბრებით შეიძლება.
სასწორი მათი მადლიერი იქნება, ვინც ყოყმანის და მერყეობისგან გაათავისუფლებს. მეგობრებს უნდა შეეძლოთ მხარი დაუჭირონ, დაამშვიდონ, შეაქონ მათი იდეები და გეგმები. სასწორებთან ურთიერთობისას მეტისმეტად ემოციური ნუ იქნებით. ნურც ტემპერამენტს გადმოანთხევთ. მათ უფრო მშვიდი ადამიანები და სასიამოვნო საუბრები იზიდავს. სასწორები მძიმედ განიცდიან მარტოობას, ამიტომაც ასეთ დროს გვერდით უნდა დაუდგეთ.
მორიელს ისეთი მეგობარი ჭირდება, რომლიც იმ უკიდურესობებისგან დაიცავს, მორიელს რომ ახასიათებს. არ არის საჭირო მისი პროვოცირება კამათში და დაძაბულ საუბარში, რომელშიც შეიძლება მისი აგრესია გამოვლინდეს. მორიელთან ძალდაუტანებელი ურთიერთობა ჯობს, მსუბუქი ხუმრობით და იუმორით გაჯერებული. მორიელს ეს ყველაზე ძალიან მოსწონს.
მშვილდოსანს ნებისმიერ ადამიანთან შეუძლია ურთიერთობა, იმიტომ რომ ძალიან კომუნიკაბელურია, შეუძლია ადამიანებში განუმეორებელი ინდივიდუალურობა დაინახოს. მშვილდოსნების ინტერესები მრავალმხრივია, ამიტომაც ასეთი მამაკაცები ძირითადად საინტერესო მოსაუბრეები არიან. ეს არის გულღია ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერთან იურთიერთოს, ამიტომაც მოუყევით მეტი თქვენს შესახებ. თქვენს შორის ძალიან მალე გაჩნდება სიახლოვის და მეგობრობის განცდა. თუმცა მეტისმეტად დაჟინებით ნურაფერს მოახვევთ თავს, ნურც ყველა თქვენს საიდუმლოს მოუყვებით – მშვილდოსნებს სხვისი საიდუმლოს შენახვა უჭირთ. მხოლოდ იმ ადამიანის საიდუმლოს ჩატანენ სამარეში, ვისაც ნამდვილ მეგობრად თვლიან.
თხის რქასთან დამეგობრება თუ გინდათ, პირველ რიგში უნდა დაამტკიცოთ, რომ საიმედო ადამიანი ხართ. არ ხართ ქარაფშუტა და თხის რქის ნდობას იმსახურებთ. უნდა შეგეძლოთ თხის რქა ისეთი მიიღოთ, როგორიც არის – მისი სამყაროთი, რომელიც თვითონ შექმნა თავის წარმოსახვაში. თუ ხშირად იქნებით გამგებიანი და თანაგრძნობას გამოიჩენთ, თხის რქა შესაძლოა მოგეჩვიოთ კიდეც და მეგობრად ჩაგთვალოთ.
მერწყულს თვითკმარი ადამიანები იზიდავს, რომლებისგანაც ბევრი რამ შეიძლება მიიღოს. მათთვის ადამიანის სტატუსი საინტერესო არ არის. უფრო შინაგანი სამყარო აინტერესებთ. ურთიერთობებში ფრთხილად მხოლოდ მაშინ უნდა იყოთ, როცა მერწყული საკუთარ აზრს გამოთქვამს – არ შეეცადოთ მის გადარწმუნებას, მაინც ვერ შეძლებთ.
თევზებს მსუბუქი ხასიათის კეთილგანწყობილი ადამიანები უყვართ. ისინი გახსნილნი არიან ურთიერთობებისთვის, ამიტომაც მათთან დამეგობრების შანსი ყველას აქვს. თუმცა ამით ბოროტად არ უნდა ისარგებლოთ და თევზებთან ურთიერთობისას თავს ზედმეტის უფლება არ უნდა მისცეთ. მათზე ზეწოლა არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ. უხეშობა და თავხედური ტონი არაკონფლიქტური თევზებისთვის მიუღებელია.