როგორ მივხვდეთ რომ დეპრესია გვაქვს: ფარული ნიშნები

ითვლება, რომ დეპრესიისას ადამიანს არ შეუძლია ცხოვრების ჩვეული წესით გაგრძელება, მითუმეტეს ხუმრობა და სიცილი. არის თუ არა ეს ასე სინამდვილეში და რომელ დეპრესიას უწოდებენ ექიმები “ღიმილიან“ დეპრესიას.

რა არის “ღიმილიანი დეპრესია“?

კლინიკური ფსიქოლოგის, ჰაიდი მაკ კინზის თქმით, ეს არის ჩვეულებრივი დეპრესია, თუმცა შენიღბული, ფარული სიმპტომებით. ადამიაპნები “ღიმილიანი დეპრესიით“ შეიძლება ყოველ დილით ჩვეულებრივად დგებოდნენ, სამსახურში მიდიოდნენ, ადამიანებს ეკონტაქტებოდნენ, არაფრით ამჟღავნებდნენ თავიანთ ნამდვილ მდგომარეობას.

“ღიმილიანი დეპრესია“ ოფიციალური დიაგნოზი არ არის. ასეთი ტერმინი არ არსებობს ფსიქიური აშლილობების არცერთ ჩამონათვალში. თუმცა კლინიკურ პრაქტიკაში ექიმები დაავადების შედარებით მსუბუქი ფორმების აღსანიშნავად იყენებენ. არსებითად, ეს არის ფუნქციონალური დეპრესიის, ანუ მდგრადი დეპრესიული აშლილობის ალტერნატიული სახელწოდება.

სიმპტომების სიაშიაა: მუდმივი დათრგუნულობა, ძილის პრობლემები, მადის ცვლილება, უიმედობის და მუდმივი დაღლილობის განცდა, პანიკური შეტევები და ყველაფრის მიმართ ინტერესის დაკარგვა, მათ შორის საყვარელი საქმიანობის და გატაცებების მიმართ, რომლებსაც მანამდე ადამიანს სიამოვნებას ანიჭებდნენ.

რატომ იყენებენ ექიმები ამ ტერმინს?

ითვლება, რომ დეპრესია ის არის, როცა მთელი დღე ლოგინში ხარ ჩამხობილი და ოთახიდან არ გამოდიხარ. რა თქმა უნდა, ასეც ხდება, მაგრამ ბევრი ადამიანი დეპრესიული აშლილობით ჩვეულებრივად მუშაობს, იცინის და იუმორის გრძნობას არ კარგავს. ეს ყველაფერი სტერეოტიპში არ ჯდება. ამიტომაც ადამიანი შეიძლება ვერც კი ხვდებოდეს, რომ სპეციალისტის დახმარება ჭირდება. ფსიქიატრ კარენ სტიუარტის აზრით “ღიმილიანი დეპრესიის“ გაგებასთან ადამიანებს საკუთარი თავის ასოცირება უადვილდებათ , ამიტომაც მეტია ალბათობა, რომ ისინი საკუთარ პრობლემას ამოიცნობენ და ექიმს მიმართავენ.

როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა დეპრესია

მკაფიო პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, თუმცა არის ბევრი ნიშანი და სიმპტომი, რომლებზეც ყურადღების მიქცევა ღირს. მაკ კინზის თქმით, თუ ყოველი დღის ბოლოს თავს გამოწურული ლიმონივით გრძნობთ, თანაც არ იცით რატომ, შესაძლოა მიზეზი სწორედ ის იყოს, რომ მთელი ენერგია დეპრესიულ მდგომარეობასთან ბრძოლაში დახარჯეთ. ასე შეიძლება გამოვლინდეს დეპრესია.

• სერიოზული ძალისხმევა გჭირდებათ დილით საწოლიდან ასადგომად, თმის დასავარცხნად, თავის წესრიგში მოსაყვანად და სამსახურამდე მისაღწევად. ადგილზე მისულს შეგიძლიათ კმაყოფილი თანამშრომლის როლი ითამაშოთ – კოლეგებთან იხუმროთ, მათი გეგმებით დაინტერესდეთ, ყველასთან ერთად ლანჩზე გახვიდეთ, თუმცა ამავე დროს თავს გამოფიტულად და გარიყულად გრძნობდეთ.
• სამსახურში ყველა ამოცანას თავს ართმევთ, მიუხედავად იმისა რომ ფოკუსირება გიჭირთ, თუმცა ბოლო ბოლო როცა სახლამდე მიაღწევთ, ეგრევე საწოლზე ეცემით ან დივანზე გეძინებათ, იმიტომ რომ ჭამის ძალაც კი არ გაქვთ.
• აღარ ზრუნავთ საკუთარ თავზე. აღარ ვარჯიშოთბ, ჭამთ იმას, რაც ხელში მოგხვდებათ, უარს ამბობობთ მეგობრებთან შეხვედრაზე, იმიტომ რომ ენერგია მხოლოდ აუცილებელი საქმეებისთვის გყოფნით.
• მუდმივად გრძნობთ დანაშაულს და სირცხვილს იმის გამო, რომ მუდმივად დათრგუნულ მდგომარეობაში იმყოფებით და არ შეგიძლიათ საკუთარ თავში იპოვნოთ ძალა, რომ რამე მაინც შეძლოთ.
• არ გეგმავთ თავის მოკვლას, თუმცა შესაძლო მოულოდნელი სიკვდილის შესახებ აზრები(მაგალითად , ავტოკატასტროფაში) არ გაშინებთ და არ გაფრთხობთ.

რა უნდა ქნათ, თუკი ეჭვი გაგიჩნდათ რომ დეპრესია გაქვთ?

მიდით ფსიქიატრთან ან ფსიქოთერაპევტთან. დეპრესია ეს შინაგანი მდგომარეობა ან ხასიათის თვისება არ არის. ეს არის დაავადება, რომელსაც კვალიფიციური ჩარევა ჭირდება. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმი წამლებსაც დაგინიშნავთ. მოთმინება უნდა იქონიოთ. შესაფერისი ანტიდეპრესანტის მოძებნა ხშირად დროს ითხოვს.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფსიქიატრი სწორედ ორგანიზმში არსებულ პრობლემებს ებრძვის, ისე რომ მიზეზებს არ ეძიება. სასურველია მიზეზებში თვითონ გაერკვიოთ. ამაში ფსიქოლოგი დაგეხმარებათ. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენს მდგმარეობას სამედცინო ჩარევა ესაჭიროება, შეგიძლიათ არა ექიმს, არამედ ფსიქოლოგს მიმართოთ კონსულტაციისთვის. საჭიროების შემთხვევაში ის გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.