რუსეთის მარცხი ბალკანეთში. მაკედონიას ნატოში იღებენ

იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა, მაკედონია ბოლოს და ბოლოს ნატოს წევრი გახდება. 6 თებერვალს ბრიუსელში “გაწევრიანების ოქმს“ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოლა დიმიტროვმა და ნატოს წევრი 29 ქვეყნის ელჩებმა მოაწერეს. საბოლოო გაწევრიანება კი ერთი წლის შემდეგ გაფორმდება. მანამდე ამ ქვეყნების პარლამენტებმა ოქმის რატიფიცირება უნდა მოახდინონ, რასაც სავარაუდოდ ერთი წელი დასჭირდება. პირველ რიგში ოქმის რატიფიცირებას სიმბოლური ჟესტის სახით საბერძნეთი მოახდენს, რადგან სწორედ ეს ქვეყანა ბლოკავდა ნატოში მაკედონიის გაწევრიანებას, სანამ ეს მაკედონია სახელს არ შეიცვლიდა. საბერძნეთი ჩრდილელი მეზობლისგან სახელის შეცვლას იმ მოტივით ითხოვდა, რომ საბერძნეთის სახელმწიფოში არსებობს იგივე დასახელების პროვინცია – მაკედონია.
გასული წლის ზაფხულში ორი ქვეყნის პრემიერ–მინისტრებმა კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმად მაკედონიას სახელი გადაერქვა და “ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“ დაერქვა. ამ წლის დასაწყისში შეთანხმება ორივე ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა, რის შემდეგაც მაკედონიას ნატოსკენ გზა საბოლოოდ გაეხსნა.

რუსეთის მარცხი
კიდევ ერთი სლავური სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანებას ბევრი პოლიტიკური მიმომხილველი რუსეთის მარცხად განიხილავს, რომელიც ნატოს გაფართოებისთვის ხელის შეშლას თავის სტრატეგიულ მიზნად თვლის. ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი ეჭვობდა, რომ რუსეთი მაკედონიის ნატოში გაწევრიანების მიზნით მაკედონიასა და საბერძნეთს შორის შეთანხმების ჩაშლას შეეცდებოდა, თუმცა საბერძნეთისგან განსხვავებით მაკედონიაში რაიმე სკანდალური პროცესის გამოწვევა რუსეთმა ვერ შეძლო.
როცა გასული წლის ივლისში საბერძნეთთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მაკედონია ნატომ უკვე ფორმალურად მიიწვია მოლაპარაკებებისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ნაბიჯი მორიგი განცხადებით დაგმო. 14 იანვარს კი შეთანხმების მაკედონიის პარლამენტის მიერ რატიფიკაციის შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ “ ეს არის ნატოს მარწუხებში ქვეყნის ჩათრევის მიზნით ქვეყნის სახელმწიფოს სახელწოდების შეცვლის პროცესი, რომელიც გარედან არის თავმოხვეული.“
რუსი და ბალკანელი ექსპერტებიც მუდმივად ამბობდნენ, რომ რუსეთი უკმაყოფილო იყო მაკედონიის ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სვლით არა მხოლოდ იმის გამო, რომ ნატოს საკუთარ მტრად თვლის, ბალკანურ ქვეყნებს კი ისტორიულ მოკავშირედ, არამედ იმის გამოც, რომ მაკედონიაზე “თურქული ნაკადის“ გაზსადენს უნდა გაევლო.

სხვათა შორის, მაკედონიამ ჯერ კიდევ 2015 წელს, წინა ხელისუფლების დროს განაცხადა, რომ თანახმა იქნება გაზსადენის გაყვანაზე, თუ ის ევროკავშირთან იქნებოდა შეთანხმებული.
სერბი ჟურნალისტის, ალექსანდრ მილადინოვიჩის თქმით “საბერძნეთსა და მაკედონიას შორის შეთანხმებისა და მაკედონიის ნატოში სრულუფლებიან წევრად მიღების მოახლოებასთან ერთად რუსეთის როლზე საუბარი მიჩუმდა. მხოლოდ მაკედონიის მცირე ოპოზიციური პარტიები ცდილობენ ამ თემის განვითარებას, ყველა დანარჩენი უკვე ნატოზეა ფოკუსირებული. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, მოსახლეობის 80% – როგორც მაკედონელები, ასევე ეთნიკური ალბანელები ამ ნაბიჯის მომხრეა.“
30 სექტემბერს მაკედონიაში საბერძნეთთან შეთანხმების თაობაზე რეფერენდუმი გაიმართა. ევროინტეგრაციის მომხრეები ამბობენ, რომ ქვეყნის სახელწოდების შეცვლის და რეფერენდუმის ბოიკოტირების, ანუ ნატოსკენ მიმავალ გზაზე ბარიერების მოხსნის წინააღმდეგ პროპაგანდით ბევრი პრორუსული ვებგვერდი და სოციალური ქსელის გვერდები იყო დაკავებული.
თუმცა არანაირი კონკრეტული სკანდალი ბოლო თვეების განმავლობაში მაკედონიაში რუსეთის ღია ჩარევის შესახებ არ ყოფილა. განსხვავებით საბერძნეთისგან, საიდანაც ივლისში ორი რუსი დიპლომატი გააძევეს. არაოფიციალური ინფორმაციით ისინი ათენსა და სკოპიეს შორის შეთანხმების ჩაშლას ცდილობდნენ.
მაკედონიაში და საბერძნეთში შეთანხმების ხელმოწერისთანავე გამოსვლები დაიწყო. სკოპიეში საპროტესტო აქციაში პატარა პრორუსული პარტიის, “ერთიანი მაკედონიის“ ლიდერი, იანკო ბაჩევი მონაწილეობდა, რომელიც მაკედონიის და რუსეთის დროშებს აფრიალებდა. ამ კვირაში კი ბაჩევმა მოუწოდა ნატოში თურქეთის და უნგრეთის ელჩებს ბრიუსელში ხელი არ მოეწერათ მაკედონიის ნატოში გაწევრიანების ოქმისთვის. თუმცა ელჩები ამ მოწოდებას იგნორირებით შეხვდნენ.


ბალკანეთის რუკა ნატოსთვის თითქმის ათვისებულია
ბევრი ბალკანელი ექსპერტის აზრით იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკები, ჩერნოგორია და მაკედონია ნატოში იმის გამოც მიისწრაფოდნენ, რომ თავი მათ ტერიტორიაზე სერბეთის და სხვა მეზობლების ჰიპოთეტური თავდასხმისგან დაიცვან და შიდა სტაბილურობა უზრუნველყონ. ჩერნოგორია ნატოს წევრი 2017 წელს გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ნატოს წინააღმდეგიყო განწყობილი.
მაკედონიის გაწევრიანების შემდეგ სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს არაწევრი სამი სახელმწიფო რჩება : სერბეთი, ბოსნი და ჰერცოგოვინა, ასევე კოსოვო.
სლოვენია ნატოში 2004 წელს გაწევრიანდა. ხორვატია და ალბანეთი -2019 წელს. ჩერნოგორია, როგორც უკვე გითხარით 2017 წელს.  სერბეთი ნატოსთან თანამშრომლობს, თუმცა ალიანსში გაწევრიანებას ჯერჯერობით არ აპირებს. ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის უმრავლესობა ეწინააღმდეგება, რომელთათვისაც ნატოს ბლოკი მტრად მოიაზრებოდა გასული საუკუნის 90–იანების დასაწყისში, ბოსნიის ომის დროს, ასევე 1999წელს კოსოვოში ინტერვენციის დროს.
ბოსნია და ჰერცოგოვინა ნატოს წევრობის ოფიციალური კანდიდატია, თუმცა მის გაწევრიანებას ხელს უშლის ფედერაციიის შემადგენელი ნაწილის, სერბეთის რესპუბლიკის წინააღმდეგობა.  კოსოვო – ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოა. მას ნატოს ოთხი წევრი – საბერძნეთი, ესპანეთი, სლოვაკეთი და რუმინეთიც არ აღიარებენ. ამიტომაც ალიანსი ჯერჯერობით “პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილეობის შესახებ კოსოვოს განაცხადსაც კი არ აკმაყოფილებს.