სააკაშვილის შეხვედრა ემიგრანტებთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე მიმდინარეობს

რომში, რესპუბლიკის მოედანზე სააკაშვილის და ემიგრანტების შეხვედრა უსაფრთხოების განსაკუთებული ზომების ფონზე მიმდინარეობს.
“საქართველოს მომავლის ფორუმი“ თბილისის დროით 16 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ქალაქებიდან ჩავიდნენ.
შეხვედრის დამსწრეებმა წინასწარი რეგისტრაცია რამდენიმე დღის წინ გაიარეს და მხოლოდ ამის საფუძველზე მიიღეს მათ ღონისძიებაზე დასწრების უფლება და სპეციალური საშვი. უშუალოდ შეხვედრაზე დამსწრეთა რეგისტრაცია კი რომის დროით დილის 11 საათზე დაიწყო. შეხვედრის დაწყებამდე ორი საათით ადრე მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ გვერდზე სტატუსი დაწერა:

“რომში პოლიცია განსხვავებით ლიეჟისგან,მართლა უმაღლეს დონეზე მუშაობს.ჯერჯერობით იდეალური წესრიგია ჩვენი შეხვედრის ადგილის გარშემო.მე უკვე დარბაზში ვარ და დავიწყე ცალკეულ ჯგუფებთან შეხვედრა.მართლა ძალიან საინტერესო ხალხია ჩამოსული, ველოდები მაგარ დისკუსიას“
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები დღეს რომშიც ჩავიდნენ.”არა ძალადობას,” – ამ შინაარსის პლაკატებით რომში, მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეხვედრაზე ქართველების ჯგუფი გამოჩნდა, რომელიც შეხვედრას აპროტესტებდა. ისინი სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავენ.მათი განცხადებით, შეხვედრაზე რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა ორგანიზატორებმა შესვლის უფლება არ მისცეს, სამართალდამცველებმა კი ტერიტორია დაატოვებინეს.
ისევე როგორც ლიეჟში გამართულ შეხვედრაზე, რომშიც იმყოფება შალვა რამიშვილი და ლიეჟის შეხვედრაზე მყოფი რამდენიმე პირი.