{{ARTICLEIMAGE}}
საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, გაემგზავროს საფრანგეთში სამუშაოს საძიებლად. ეს შეეხება მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტებს და იმ კონკრეტულ პროფესიებს, რომელთა იდენტიფიცირება მოხდება”, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.
როგორც ცნობილია, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკვე მოახდინა საქართველოს და საფრანგეთის მთავრობებს შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაცია. მას საფრანგეთის პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი.
“ძალიან სასიხარულოა, რომ ხელშეკრულება რატიფიცირებულ იქნა საფრანგეთის პარლმენტის მიერ და სულ ახლახან მას ხელი მოაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ, აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია საფრანგეთში ან საქართველოში და შემდგომ დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ხელშეკრულების გაფორმება არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე გაემგზავროს საფრანგეთში სამუშაოს საძიებლად. ეს შეეხება მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტებს და იმ კონკრეტულ პროფესიებს, რომელთა იდენტიფიცირება მოხდება”, აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროფესიონალი ექსპერტების გაცვლა მოხდება მხოლოდ იმის შემდეგ, რაც შეირჩევიან ისეთი პროფესიონალები, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ მოთხოვნებს. ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა შემდგომი ტექნიკური სამუშაოების განხორციელებაში საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას.
“საქართველო დიდი ხანია, მუშაობს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებთან, მათ შორის მინდა აღვნიშნო ისეთი წარმატებული მაგალითები როგორიცაა პოლონეთი და ესტონეთი, სადაც საქართველოს მოქალაქეები გარკვეული პერიოდით იმყოფებიან და მუშაობენ. ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ ისინი დაბრუნდებიან საქართველოში და ამ ამაღლებულ კვალიფიკაციას მოახმარენ ქვეყანას”,განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთში დასაქმების მიზნით დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებზე, ასევე საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის (მათ შორის ფილიალის) კურსდამთავრებულ სტუდენტებზე, რომლებსაც სურთ საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება, შემდგომში საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით. (შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე პირიქით, საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმებას საქართველოში).
ხელშეკრულება არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ბინადრობის მოწმობის ვადები, სამუშაო ადგილის კვოტები. შეთანხმებით წელიწადში, ახალგაზრდა სპეციალისტებზე გამოყოფილია 150 კვოტა, როგორც საფრანგეთის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ხოლო ყველა სხვა კატეგორიაზე – 500 კვოტა ჯამში.