განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავა. უწყების ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გრიგოლ ივანეიშვილს უცხოელი ბიზნესმენი დააკავშირა, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, უკვე დააკავა. ოცამდე ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენელმა გრიგოლ ივანეიშვილს ხელბორკილები 25 იანვარს, საკრებულოს სხდომაზე დაადო.












