“სამართლიანი გადაწყვეტილება”- აშშ-ის კონსული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კონსული ჯენეთ რებერი სმიტების ოჯახის 3 წევრი მკვლელობის საქმეზე მალხაზ კობაურისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას „სამართლიან გადაწყვეტილებად“ აფასებს.

როგორც რებერმა  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სმიტების ოჯახის წარმომადგენელი დაკავებულისთვის სწორედ სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ ნაფიც მსაჯულებს, მოსამართლეს, სასამართლოს, ყველა იმ ხალხს, ვინც ამ საქმეზე მუშაობდა. ძალიან მჭიდროდ ვაკვირდებოდით ამ საქმეს, გვქონდა კომუნიკაცია მსხვერპლთა ოჯახთან. მტკიცებულებები არ ტოვებს სივრცეს რაიმე ეჭვისთვის. სმიტების ოჯახის წევრები სამუდამო სასჯელის გამოტანას უჭერდნენ მხარს. ეს იყო სამართლიანი სასამართლო და სასჯელიც სამართლიანია“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების კონსულმა.

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატირების საქმეზე მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს მოსამართლემ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში კობაურის ოჯახის მხრიდან  ხმაური მოჰყვა.

მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა 25 მარტს, 4-საათიანი თათბირის შემდეგ, გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.