საპარლამენტო უმცირესობა დაშლის პირას

უმრავლესობიდან წევრთა გასვლის პარალელურად იზრდება საპარლამენტო უმცირესობის დაშლის შანსები. ბაქრაძე–ბოკერიას გუნდი უმცირესობის სტატუსის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. უმრავლესობიდან კიდევ ერთი წევრის გასვლა მათ ამ სტატუსს ავტომატურად დააკარგვინებს.
საქმე იმაშია, რომ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით უმცირესობის შექმნა მხოლოდ უმრავლესობის შექმნის შემთხვევაშია შესაძლებელი. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტართა რაოდენობის ნახევარს, ფრაქცია მისი მოთხოვნის საფუძველზე უმცირესობის სტატუსს იძენს.
ეს სტატუსი მხოლოდ ცარიელი სიტყვა არ არის. უმირესობის ლიდერის პოსტი ისეთივე საპარლამენტო თანამდებობაა, როგორც უმრავლესობის ლიდერობა და მათი ხელფასიც ზუსტად თანაბარია – 5540 ლარი; თანაბარია მათი მოადგილეების ხელფასებიც – 4800 ლარი; უმცირესობა პარლამენტში მთელი რიგი კვოტებით და პრივილეგიებით სარგებლობს, მათ შორის წარმომადგენლობითობის თვალსაზრისით თუ სიტყვით გამოსვლისას.
ასე რომ, შეიძლება ითქვას უმრავლესობის რიგების შემცირებით ევროპული საქართველოს საპარლამენტო გუნდი არანაკლებ ზარალდება.
საპარლამენტო უმრავლესობაში არეულობის დაწყებამდე 115 დეპუტატი იყო გაერთიანებული. ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის, ლევან გოგიჩაიშვილისა და ბექა ნაცვლიშვილის გამოსვლის შემდეგ უმრავლეოსობაში 111 დეპუტატი დარჩა. გია ჟორჟოლიანის გამოსვლის შემდეგ კი 110. შესაბამისად, უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების რიცხვი 40 შეადგენს.

ევროპული საქართველოს საპარლამენტო ფრაქციაში ამჟამად 20 დეპუტატია, რაც უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების ნახევარს შეადგენს და მათ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის ფლობის საშუალებას აძლევს. საკმარისია უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვოს, რომ ევროპულ საქართველოს უმცირესობის სტატუსის შესანარჩუნებლად საკუთარ რიგებში უკვე მინიმუმ 21 დეპუტატის გაერთიანება დასჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში უმცირესობის სტატუსს დაკარგავს.