საქართველო დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  დუბაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.  გამოფენას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, რომელმაც  შეხვედრები საერთაშორისო ტურისტული და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან გამართა.

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 40-მდე ქართული კერძო კომპანია არის წარმოდგენილი. გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე თბილისის მერია მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება  მიეცათ საქმიანი შეხვედრები გამართონ უცხოელ კოლეგებთან.

ATM 2019-ზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს მიმართულებას, სხვადასხვა ტურისტულ პროდუქტებს და კურორტებს.
დუბაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მსოფლიოს 150-ზე მეტი სახელმწიფოს 2500-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია არის წარმოდგენილი. დამთვალიერებელთა რაოდენობა კი დაახლოებით 40 ათასია.

“ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენა და კერძო სექტორის ინტერესი ძალიან მზარდია, ჩვენ გამოფენაზე 35-ზე მეტ ტურისტულ კომპანიასთან ერთად ვიმყოფებით და მათ წარმომადგენლებს საშუალება აქვთ დაამყარონ კონტაქტები ადგილობრივ ტურ-ოპერატორებთან. სპარსეთის ყურის რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყნებიდან მაღალმხარჯველიანი ტურისტების რიცხვი მზარდია. გამოფენის ფარგლებში ჩვენ გავმართეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვადასხვა ავიაკომპანიის, მათშორის: Air Astana, Salam
Air, Flydubai, Emirates Airline-ის წარმომადგენლებთან. “ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.