საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი ორი მატჩისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გუნდი 21 თებერვალს გასვლაზე საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 24 თებერვალს თბილისში ესტონეთს უმასპინძლებს.
მართალია ჩვენი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები ფაქტობრივად მიზერულია, რადგან ამისათვის საქართველოს ნაკრებს დარჩენილ ორივე მატჩში გამარჯვება სჭირდება და ამას გარდა სერბეთის ეროვნულმა ნაკრებმაც დარჩენილ ორ მატჩში მარცხი უნდა იწვნიოს, თუმცა ორივე მატჩი პრინციპული მნიშვნელობისაა.
სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ჩვენს ნაკრებს ვერც ერთ მატჩში ვერ დაეხმარებიან გუნდის ლიდერები:
თორნიკე შენგელია, მანუჩარ მარკოიშვილი, გოგა ბითაძე.
საბერძნეთში გამგზავრების წინ, ილიას ზუროსმა 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, ოთარ ფხაკაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ჭოჭუა, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, აკაკი დვალიშვილი, ბექა ბექაური, გიორგი შერმადინი.