ჟურნალი ეკონომისტი 2018 წლის დემოკრატიის ინდექსს აქვეყნებს. რეიტინგის მიხედვით საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც 2017 წელთან შედარებით 2018 წელს დემოკრატიის მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესდა. ამის მიზეზად საპრეზიდენტო არჩევნები სახელდება, რომელმაც გამოცემის ინფორმაციით საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის ყველაზე მკვეთრი ვარდნით გამორჩეულ ქვეყნად აქცია.კვლევაში მოყვანილია ციტატა ეუთოს დასკვნიდან, რომელშიც ნათქვამია: “საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კონკურენტული იყო და კანდიდატებს შეძლოთ კამპანიის თავისუფლად წარმოება, თუმცა ერთ მხარეს იყო გაუმართლებელი უპირატესობა. ორივე მხრიდან წარმოებულმა ნეგატიურმა კამპანიამ კი ძირი გამოუთხარა ამ პროცესს.“
“გაუმართლებელ უპირატესობაში“ იგულისხმება ქვეყნის ყოფილი პრემიერ მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. ანგარიშში ნათქვამია, რომ ივანიშვილის გავლენით მთავრობა ჩაერია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და 600 000 მოქალაქეს არჩევნებიდან ორი კვირის თავზე ვალების ჩამოწერას დაპირდა, რამაც ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ოპოზიციურ კანდიდატთან შედარებით დიდი უპირატესობა მიანიჭა. საქართველოს დემოკრატიული ინდექსი 2018 წელს 5.5 –მდე შემცირდა. 2017 წელს ის 5.93–ს შეადგენდა. მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად ეკონომისტის რეიტინგის მიხედვით ნორვეგია დასახელდა. მეორე ადგილზეა ისლანდია. მესამეზე შვედეთი, მეოთხეზე ახალი ზელანდია. მეხუთე ადგილს კი დანია იკავებს.