ეროვნული ბანკი 2018 წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს.
2018 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 150.9 მლნ აშშ დოლარი (402.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.1 პროცენტით (12.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის მონაცემებით სულ 18 ქვეყანაა, საიდან გამოგზავნილმა თანხებმა 1 მლნ დოლარს გადააჭარბა. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3 პროცენტი სწორედ ამ 18 ქვეყანაზე მოდის.
ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი – 56 მლნ დოლარი (37. 1 %)ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები გაზრდილია. 2017 წლის დეკემბერში საერთო გზავნილების მოცულობაში ევროკავშირის ქვეყნების ხვედრითი წილი 32.7 % იყო.
შემცირდა რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა. რუსეთიდან გამოგზავნილი თანხები ჯამური მოცულობის 29%–ს (43 მლნ დოლარი) შეადგენს. შარშან ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 32.5 % იყო.