შემთხვევითი ლიდერის საინტერესო ისტორია. ვინ არის კაცი, რომელსაც ახალ ობამას უწოდებენ

 

ვენესუელაში მიმდინარე პროცესები საქართველოსთვის უმნიშვნელო სულაც არ არის. ეს ქვეყანა იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის არის, ვინც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის მჭიდრო მოკავშირე ვენესუელას პრეზიდენტი მადურო დღეს უზურპატორად და არალეგიტიმურ მმართველად არის გამოცხადებული. მას მხარს უჭერენ: რუსეთი, კუბა, ჩინეთი, თურქეთის ლიდერი ერდოღანი. თუმცა ოპოზიციის ლიდერს და ხალხის საპროტესტო მოძრაობას მხარი დაუჭირა აშშ–მ, ლათინური ამერიკის არაერთმა ქვეყანამ, კანადამ და საქართველომ. ვენესუელაში დემოკრატიული ცვლილებების და რუსეთის გავლენის შესუსტების შედეგად საქართველოს შესაძლოა გაუჩნდეს შანსი, ვენესუელამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან წაიღოს.  ჯერჯერობით მოვლენების განვითარების პროგნოზირება რთულია, თუმცა ფაქტია, რომ ამ დღეებში ვენესუელაში ახალი ლიდერი დაიბადა.

 

შემთხვევითი ლიდერი?

ორი დღის წინ ნაკლებად თუ იცოდა ვინმემ მსოფლიოში ვინ არის ხუან გუაიდო. 23 იანვარს 35 წლის პოლიტიკოსმა, ვენესუელას პარლამენტის სპიკერმა თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა და მალევე მიიღო თეთრი სახლის და ლათინური ამერიკის ბევრი ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერა, რომლებმაც  მისი ლეგიტიმაცია აღიარეს.


არადა ვენესუელას ოპოზიციური პარლამენტის  ლიდერი ის 5 იანვარს ფაქტიურად შემთხვევით გახდა . მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მისი პარტიის – “ხალხის ნება“ რამდენიმე მთავარი ფიგურა დააკავა და პარტიული სიის მიხედვით მისი რიგი მოვიდა.


აქედან ერთი კვირის შემდეგ გუაიდო ცოტა ხნით დააკავეს ვენესუელას სპეცსამსახურის აგენტებმა იმის გამო, რომ მან პრეზიდენტ მადუროს ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა და დაიმუქრა, რომ თავის კონსტიტუციურ უფლებას გამოიყენებდა და ძალაუფლებას შემდეგ არჩევნებამდე საკუთარ ხელში აიღებდა.

23 იანვარს სწორედ ასეც მოიქცა.

“ვენესუელა! ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე ვფიქცავ ოფიციალურად მივიღო ნაციონალური აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილება პრეზიდენტის რანგში, ძალაუფლების უზურპაციის შესაჩერებლად, გარდამავალი მთავრობის შესაქმნელად და თავისუფალი არჩევნების ორგანიზებისთვის“ – განაცხადა მან  მიტინგზე შეკრებილი ხალხის წინაშე.


ვინ არის ვენესუელას ახალგაზრდა ლიდერი

ხუან გუაიდო  ვენესუელას შტატ ვარგასის დედაქალაქ ლა გუაირაში, კარიბის სანაპიროზე დაიბადა. ის ანდრეს ბელიოს სახელობის კათოლიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა სამრეწველო ინჟინრის სპეციალობაზე, მოგვიანებით კი  სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი მიიღო აშშ–ში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში.


მამა პილოტი იყო, დედა მასწავლებელი.


მოზარდობისას გუაიდომ ბოლო 50 წლის მანძილზე ვენესუელაში ყველაზე დიდი სტიქიური უბედურება საკუთარ თავზე გადაიტანა. 1999 წლის დეკემბერში მეწყერისა და ღვარცოფის შედეგად , რომელსაც 30 000მდე ადამიანი შეეწირა მისი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.


„გუაიდო ერთგვარად საშუალო ვენესუელელს წარმოადგენს: არ არის მდიდარი ოჯახიდან, წარმოშობით პროვინციიდან არის და არა კარაკასიდან, დიდი შრომის შედეგად ჩააბარა უნივერსიტეტში,  მის ოჯახს სწავლის საფასურის გადახდა უჭირდა,“ ამბობს პოლიტიკოსის ყოფილი თანაკურსელი, რომელიც  ამჯობინებს ვინაობა არ გაამხილოს. –“ის გულღია ადამიანია, რომელსაც ჯერა რომ ძალაუფლების ინსტიტუტები სამართლებრივ ველში უნდა მოქმედებდნენ“
დასძენს ის.


გუაიდო პოლიტიკურად აქტიური სტუდენტობის წლებშიც იყო. მონაწილეობდა საპროტესტო აქციის ორგანიზებაში მაშინდელი მმართველის, უგო ჩავესის წინააღმდეგ, ასევე იყო სემინარების ორგანიზატორი ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის არჩევნებზე და ხმის დათვლის პროცესზე დაკვირვების თემაზე.


“ჩვენ გვქონდა ჯგუფი სახელწოდებით “დაიცავი შენი ხმა“. სემინარებს ვატარებდით. ხუანი ყველაფერს გეგმავს. მას არ უყვარს იმპროვიზაცია“
– ამბობს ერთ–ერთი ყოფილი თანაკურსელი.


2009 წელს გუაიდომ ოპოზიციის გამოჩენილ ლიდერთან და მის მასწავლებელთან, ლეოპოლდო ლოპესთან ერთად დააფუძნა მემარცხენე ცენტრისტული პარტია „ხალხის ნება“. ლოპესი მოგვიანებით დააპატიმრეს და 13 წელი მიუსაჯეს ტერორიზმის წაქეზების ბრალდებით. ლოპესის პატიმრობა მოგვიანებით შინაპატიმრობით შეიცვალა.

უბრალო დეპუტატიდან ლიდერობამდე


დიდ პოლიტიკაში ახალგაზრდა ინჟინერი 2011 წელს მოხვდა, როცა ის მისი პარტიიდან ნაციონალური ასამბლეის წევრად აირჩიეს.პარლამენტის თავმჯდომარე კი თითქმის შემთხვევით გახდა. 2015 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ პარტიებმა მოილაპარაკეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ყოველ წელს შეიცვლებოდა და ამ პოსტს სხვადასხვა ფრაქციის ლიდერი რიგრიგობით დაიკავებდა.

წელს პარტია “ხალხის ნების“ ჯერი იყო. მაგრამ პარტიის ძირითადი ლიდერები იურიდიულ პრობლემებს შეეჯახნენ.

პარტიის ლიდერი ლეოპოლდო ლოპესი შინაპატიმრობაში რჩება. კიდევ ერთი პოლიტიკოსი, კარლოს ვეკიო აშშ–ში გაიქცა, მისი მოადგილე ფრედი გევარა კი იძულებული გახდა 20017 წელს ანტისამთავრობო დემონსტრაციების ტალღის შემდეგ თავშესაფარი ჩილეს საელჩოში ეძებნა. შედეგად, სპიკერის პოსტი რიგითობით გუაიდოს ერგო.


ასე გახდა რიგითი დეპუტატი პარლამენტის სპიკერი და ოპოზიციის ლიდერი.


2019 წლის დასაწყისში მადურო მეორე ვადით შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ქვეყანაში, სადაც უკვე რამდენიმე წელია უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს. იანვრის შუა რიცხვებში ვენესუელას ოპოზიციურმა პარლამენტმა პრეზიდენტი უზურპატორად გამოაცხადა, მიიღო დეკლარაცია ახალი მთავრობის შესაქმნელად გარდამავალი პერიოდის შესახებ და სხვადასხვა ქვეყნებს  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანგარიშების ბლოკირების თხოვნით მიმართა.  პარალელურად ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო პრეზიდენტ მადუროს წინააღმდეგ. ამ პროცესების შედეგად გუაიდო სახალხო პროტესტის სათავეშიც მოექცა და ბოლოს ათასობით ადამიანის წინაშე ფიციც დადო, როგორც დროებითმა პრეზიდენტმა.


ვენესუელელი ობამა


ბევრი ამბობს, რომ გუაიდო ამერიკის ექს პრეზიდენტს, ბარაკ ობამას გავს. გახდება თუ არა გუაიდო მოქმედი პრეზიდენტი ჯერჯერობით უცნობია. ამჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო უარს ამბობს გუაიდოს უფლებამოსილების ცნობაზე და ტელემიმართვის დროს ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.


მას შემდეგ, რაც 2015 წელს პარლამენტში ოპოზიციამ გაიმარჯვა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობდა.


პარლამენტზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ პრეზიდენტმა მადურომ გასულ წელს შექმნა დამფუძნებელი კრება და მას პრაქტიკულად პარლამენტის მთელი უფლებამოსილებები გადასცა. თუმცა ამ ორგანოს ლეგიტიმურობას ვენესუელას ნაციონალური ასამბლეა არ ცნობს.


თვითონ გუაიდო ამტკიცებს, რომ მისი მოქმედებები ვენესუელას კონსტიტუციას ემყარება და აპირებს ქვეყანა დემოკრატიულ რელსებზე მშვიდობიანად გადაიყვანოს.