Tbilisi Pride: 15 პარტიასთან შევთანხმდით, რომ იბრძოლებენ ქვიარ ადამიანებზე ძალადობის აღმოსაფხვრელად

Tbilisi Pride აცხადებს, რომ 15 პარტიასთან მიაღწია შეთანხმებას, რომ ისინი იბრძოლებენ LGBT ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისი პრაიდმა დაიწყო პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად.

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, მოხარულები ვართ, რომ 15 პოლიტიკურ პარტიას აღმოაჩნდა მზაობა, სიმბოლური, თუმცა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განაცხადის გასაკეთებლად. ჰომოფობია არის ფართო საზოგადოებრივი გამოწვევა, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსები იდგნენ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სადარაჯოზე.

იმედს ვიტოვებთ, რომ ეს შეთანხმება იქნება გარდამტეხი მომენტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ერთობლივი ძალისხმევით ავაშენებთ უფრო დემოკრატიულ და ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოს. 17 მაისი არის ჰომოფობიასა და ტრანსფობისთან ბრძოლის საერთაშორისო დღე!”,– აცხადებს Tbilisi Pride.

ხელმომწერი პარტიები არიან:

1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
2. გირჩი
3. ევროპული საქართველო
4. გირჩი – მეტი თავისუფლება
5. რესპუბლიკური პარტია
6. კანონი და სამართალი
7. სტრატეგია აღმაშენებელი
8. ლელო
9. რეფორმერი
10. მოძრაობა “დროა”
11. სამართლიანობისთვის
12. ერთიანი საქართველო
13. თავისუფალი დემოკრატები
14. პროგრესი და თავისუფლება
15. გამარჯვებული საქართველო