TV პირველის სიუჟეტი ქმნის დაშვებას, რომ 5 ივლისის უკან შესაძლოა სუს-ი იდგეს – NGO-ები

12 ივნისს  TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ არიან ჩართულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზებაში, 8 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება და აღნიშნავენ, რომ შესაძლოა მასობრივი ძალადობის დაგეგმვისა და პროცესების მართვის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იდგეს.

”ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით 12 ივნისს ტელეკომპანია “პირველი”-ს ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დაგეგმვასა და აღსრულებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში სუს-ი) თანამშრომლების სავარაუდო მონაწილეობას აღწერს. ამ დრომდე 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი მასობრივი ძალადობა საპოლიციო უმოქმედობისა და ჟურნალისტებისა და აქტივისტების დასაცავად სახელმწიფოს დემონსტრაციული პასიურობის განსაკუთრებულ შემთხვევად ფასდებოდა, თუმცა 12 ივნისს გასაჯაროვებული ინფორმაცია ქმნის კიდევ უფრო სახიფათო და შემაშფოთებელ დაშვებას, რომ მასობრივი ძალადობის დაგეგმვისა და პროცესების მართვის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაძლოა იდგეს.

ტელეკომპანია ,,პირველი”-ს ეთერში გასულ სიუჟეტში გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებულია სავარაუდოდ სუს-ის კონკრეტული თანამშრომლების საიდუმლო შიდა მიმოწერა, რომელიც ასახავს 5 ივლისს პროცესების მართვის მიზნით უწყების თანამშრომლების განსაკუთრებულ მობილიზაციასა და ძალადობრივი ქმედებების მოსამზადებლად კონკრეტული დავალებების გადანაწილებას. როგორც სიუჟეტშია ნაჩვენები, მიმოწერით დასტურდება, რომ სუს-ის მაღალჩინოსნის მითითებებით თანამშრომლებს ზუსტ დროსა და კონკრეტულ ადგილებზე (მათ შორის ვაკის პარკი, მზიური და მარჯანიშვილის მოედანი) ხალხის მიყვანა და წინასწარ შერჩეულ ადგილებზე მათი განლაგება ევალებოდათ. მიმოწერის ტექსტებში კი იკვეთებოდა უწყების თანამშრომლების ჰომოფობიური დამოკიდებულებები და კმაყოფილება მომხდარ ძალადობაზე.

ღირსების მარშის დროს ჟურნალისტებსა თუ აქტივისტებზე განხორციელებული სხვადასხვა ინტენსივობის თავდასხმების ორგანიზებული ხასიათი აშკარად ჩანდა 5 ივლისს მედიით გავრცელებულ კადრებში. ძალადობის ორგანიზატორები ღიად მიუთითებდნენ კონკრეტულ ლოკაციებს (მათ შორის ,,სირცხვილია”-სა და ,,თბილისი პრაიდი”-ს ოფისებში შეჭრა), რომელთა დარბევისკენაც მოუწოდებდნენ კონტრაქციის მონაწილეებს. ასევე, მოძალადე ჯგუფის წევრები წინასწარ მობილიზებას ახდენდნენ იმ ადგილებზეც, სადაც სამიზნე აქტივისტებმა უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე გადაინაცვლეს. უფრო მეტიც, ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ მიერ მომზადებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ ადგილზე მყოფმა საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა, არათუ ძალადობრივი ქმედებების ავტორები არ დააკავეს, არამედ კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, კონსტანტინე მორგოშია, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, შეუშვეს იმ შენობის სადარბაზოში, სადაც მდებარეობს „სირცხვილია“-ს ოფისი, იმ მიზნით, რომ კონტრაქციის მონაწილეები დარწმუნებულიყვნენ, რომ სადარბაზოში და ოფისში აღარავინ იმყოფებოდა.

2021 წლის 5 ივლისს, ულტრაკონსერვატორულმა ჯგუფებმა, წინასწარ ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებებით, რასაც თან ახლდა სახელმწიფოს აშკარა უმოქმედობა, ხელი შეუშალეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ გამართვას, რომლის ორგანიზატორიც იყო „თბილისი პრაიდი“ და სხვა სამოქალაქო/აქტივისტური ჯგუფები. 5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ გამოსული მოძალადე ჯგუფების წევრების მიზანმიმართული ანგარიშსწორების შედეგად სულ მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ასევე გახდა სასტიკი ძალადობის მსხვერპლი, 11 ივლისს საკუთარ სახლში ღამით გარდაცვლილი იპოვნეს. ასევე თავს დაესხნენ აქტივისტურ ორგანიზაცია „სირცხვილია“-სა და „თბილისი-პრაიდის“ ოფისებს და დააზიანეს სატელევიზიო ტექნიკა.

5 ივლისის მოვლენებიდან დღემდე, თითქმის 1 წლის თავზეც კი, საგამოძიებო ორგანოების მიერ მასობრივი ძალადობის ორგანიზატორების პასუხისმგებლობა არ არის გამოკვეთილი. სამართალდამცავ ორგანოებს ამ დრომდე არ აქვთ გამოძიება დაწყებული შეკრების უფლების ხელყოფის ფაქტებზე (სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლი). ძალადობის ორგანიზებაში მონაწილე სავარაუდო პირთა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიმართულებით გამოძიების პასიურობა და ამ ნაწილში დაზარალებულებისთვის საქმის მასალების გაცნობაზე უარის თქმა აძლიერებს ეჭვებს პოლიტიკური ნების არარსებობის შესახებ. ამ ეჭვს ამყარებს 5 ივლისს დილით საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც, რომ მოსახლეობის 95% წინააღმდეგია პროპაგანდისტული „ღირსების მარშის“ და მისი ჩატარება „მიზანშეუწონელია“, „მარშის“ უკან კი „რადიკალური ოპოზიცია“ დგას.

ცხადია, რომ ჟურნალისტებისა და აქტივისტური ჯგუფების მიმართ გამოვლენილი მასობრივი ძალადობის შეწყნარება, დემონსტრაციულად არაეფექტიანი პრევენცია და გამოძიება, კიდევ უფრო ნათელი და ახსნადი ხდება იმ პირობებში, როდესაც ამ პროცესების დაგეგმვაში შესაძლოა უშუალოდ იყვნენ ჩართულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.

5 ივლისს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე თავდასხმისა და გამოვლენილ ძალადობაზე არაეფექტიანი გამოძიების წარმართვა ის ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია, რაც ევროპარლამენტმა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მიღებულ რეზოლუციაშიც მიუთითა. ეს თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეებზე ეფექტიანი გამოძიებისა და ორგანიზატორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმართვა ევროინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მიერ შესასრულებელი ერთგვარი წინაპირობაა.

საჯარო სივრცეში ჟურნალისტებისა და აქტივისტური ჯგუფების მიმართ გამოვლენლი მასობრივი ძალადობის შეწყნარება და მით უფრო ამ პროცესში სახელმწიფოს ნეგატიური მონაწილეობა ჩვენს საზოგადოებაში დაუცველობისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უნდობლობის უმძიმეს განწყობებს ქმნის. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ძალადობრივი შეკრების ორგანიზატორების დღის წესრიგი ჩვენს ქვეყანაში ღიად და შეუნიღბავად უკავშირდება კრემლის პოლიტიკას და მის მხარდაჭერას, ამგვარი ჯგუფების მიმართ სახელმწიფოს მიერ გამოვლენილი ლოიალობა და მათი შესაძლო ინსტრუმენტალიზება დამატებით უფრო ფართე პოლიტიკურ ეჭვებს აჩენს.

ცალკე უნდა გაესვას ხაზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დემონსტრაციულ არაეფექტიანობას პრორუსული პოლიტიკური და მედია ძალების პროპაგანდასთან გამკლავებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის მიმართულებით. სუს-ი საკუთარ წლიურ ანგარიშებიც კი არ ახდენს პროპუტინისტური მედია და პოლიტიკური აქტორების იდენტიფიცირებას და მათი დაფინანსების წყაროების გასაჯაროვებას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მათ შესახებ საზოგადოებრივი ცოდნის შექმნისა და მათი გავლენების პრევენციისთვის. ამასთან, სუს-ს არ აქვს რუსულ პროპაგანდასთან გამკლავების საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოს მხარდამჭერი პოლიტიკური და მედია აქტორების დასახელებას, მათგან მომდინარე ნარატივებისა და დეზინფორმაციის კლასიფიცირებას და საპასუხო საინფორმაციო ზომების მიღებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მიიღო ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების სტრატეგია, მას რეალურად არ გააჩნია ამგვარი ჯგუფების საქმიანობის მონიტორინგისა და პრევენციის ადეკვატური გეგმა და პოლიტიკა. 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებული პროცესების ჯაჭვი და სუს-ის საქმიანობის ინსტიტუციური ჩავარდნები, მთლიანობაში უსაფრთხოების სისტემის მედეგობას ეჭვქვეშ აყენებს და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების უმძიმესს გამოცდილებას ქმნის.

კანონის უზენაესობის პატივისცემისა და მართლწესრიგის დაცვისთვის, ასევე საბაზისო საზოგადოებრივი ნდობის შექმნისთვის უსაფრთხოების სისტემების მიმართ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, არსებითია:

საქართველოს პროკურატურამ და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა:

მიმდინარე ფაქტებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს /უზრუნველყოს დროული, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება;
დაუყოვნებლივ გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები 5-6 ივლისს ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ;
საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ.
საქართველოს პარლამენტმა:

გამოიყენოს ყველა შესაძლო საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი 5-6 ივლისს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობისა და კანონიერების შემოწმების მიზნით, მათ შორის, ამ მოვლენების გამოძიების, პრორუსული ჯგუფების საქმიანობის უსაფრთხოების პერსპექტივით შემოწმებისა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან გასამკლავებლად სუს-ის მიერ მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
უფლებები საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ღია საზოგადება საქართველო (OSGF)

ყველას შეიძლება სისხლი ჩაექცეს ტვინში, ინფარქტი დაემართოს, ფეხი მოიტეხოს – ამის ტოლფასია სტიქია –...

"ყველა ადამიანს, ნებისმიერს შეიძლება ტვინში სისხლი ჩაექცეს, ინფარქტი დაემართოს, უცბად. ტრავმა მოუვიდეს, გარეთ გავიდეს...

ოთარ ფარცხალაძე სუს-ში იმყოფებოდა

აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. ინფორმაციას ამის შესახებ,...

მინისტრის ცრუ ჩვენებაა, მოგიწევთ დამოუკიდებელ სასამართლოში საუბარი – ბოკუჩავა

"უნდა ვაღიარო, დიდი მოლოდინი თქვენი პასუხით სარწმუნო ინფორმაციის მიღების არ მქონდა, მაგრამ ამდენ ტყუილსაც...

კიევსა და ვარშავას შორის დაძაბულობა იმატებს, სამწუხაროდ ორივე ქალაქი რუსოფობიურია – პესკოვი

"ვხედავთ რომ კიევსა და ვარშავას შორის გარკვეული დაძაბულობაა, ჩვენი პროგნოზით ეს დაძაბულობა გაიზრდება. სამწუხაროდ ორივე...

ფრანგულმა კომპანიამ პირველი ვერტმფრენი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში უნდა მოგვაწოდოს – გომელაური

"რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენების საკითხს, არაერთხელ გავაცანით საზოგადოებას ჩვენი გეგმებისა და კონკრეტული ღონისძიებების შესახებ...კიდევ...

“ყველას ავირჩევდით, ფიზიკურ გადარჩენაზე იყო უკვე საუბარი” – მდინარაძე სებ-ის კანდიდატებზე

"ინსტიტუტი გადარჩა. ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა გადარჩა. ჩვენ მოგვიწია იმის აღიარებაც, გულწრფელად გეუბნებით,...

ვწუხვართ – დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია – ო’ბრაიენი

"14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა ეფესბესთან ,...

ჩინელებთან კორუფციული გარიგება მარტივია და კორუფციისთვის ემზადებით – სამადაშვილი

„საზოგადოებას რომ ესმოდეს, რეალურად, რა მოხდა ანაკლიის პორტთან მიმართებით - მაშინ, როდესაც ეს მართლაც...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მომღერალი, ტოტო კუტუნიო. 2007 წლიდან ის სიმსივნეს ებრძოდა. ამ წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით კი მარჯვენა თირკმელი...