TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის წინწყაროს გამგებლის ბიძა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით წალკაში 1967 წელს დაბადებული გოჩა აფრასიძე დააკავეს. ის წალკის რაიონის სოფელ წინწყაროს გამგებლის, გიორგი აფრასიძის ბიძაა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი” – აცხადებს შსს.

ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტვ პირველის გადამღები ჯგუფი სოფელ წინწყაროში გუშინ ადგილობრივების პროტესტის გასაშუქებლად ჩავიდა.