TV პირველი არის ნაცმოძრაობა, მიხეილ სააკაშვილი ასუბსიდირებს – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია პირველი ნაციონალური მოძრაობაა და მას საქართველოს მე–3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აფინანსებს.

“TV პირველი არის ნაცმოძრაობა, ყველამ კარგად ვიცით, TV პირველი ეს არის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პარტიული ტელევიზია, ისევე როგორც მთავარი. ყველაფრით [შეგვიძლია დავდასტუროთ], მათ შორის, დაფინანსებით. ნაციონალური მოძრაობა აფინანსებს, ახდენს ამ ტელევიზიის სუბსიდირებას. მოგებაზე ვერ მუშაობს ეს ტელევიზია, ხდება სუბსიდირება კიევიდან, მიხეილ სააკაშვილისგან.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. როგორ გგონიათ, მიხეილ სააკაშვილი როგორ მართავს მთლიანად ვითარებას ოპოზიციაში? რატომ არის ის მთავარი, ყველაზე გავლენიანი პირი ოპოზიციაში? მას აქვს ორი რესურსი, ეს არის ფული, მილიონები, რომელიც ქართველ ხალხს მოპარა და რომელსაც ხარჯავს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და ეს არის მედია რესურსი”,– თქვა კობახიძემ რუსთავი 2–ის ეთერში.