“ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში გადაინაცვლებს ტყუილია”- ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, მიკროავტობუსები ივლის იმ ქუჩებზე სადაც 10 და 8-მეტრიანი ავტობუსები გაბარიტების გამო ვერ იმოძრავებს.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმასთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო, ვინაიდან არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთდა იმ კვლევებს და ანალიზს, რომელიც კომპანია „სისტრამ“ წარმოგვიდგინა. საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ გარეუბნებში. ეს არ არის სწორი. მიკროავტობუსები და ავტობუსები გადაინაწილებენ ქალაქის მასშტაბით ტრანსპორტით დაფარულ არეალს და მიკროავტობუსები შეასრულებენ ავტობუსებთან დამაკავშირებელ ფუნქციას. ამასთანავე, ისინი იმოძრავებენ ისეთ ქუჩებზე, სადაც ქუჩის გაბარიტებიდან გამომდინარე ავტობუსის გადაადგილება არ არის მიზანშეწონილი. ასეთი ადგილები ბევრია ძველ თბილისში, ქალაქის ცენტრში..ჩვენ არასდროს დაგვიყვია უბანი ცენტრალურ და გარე უბნებად, ეს ჩემთვის მიუღებელია”,- განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ქალაქში 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები მალე შემოვა.