უთანხმოება ზურაბიშვილსა და ჟვანიას შორის?

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ხარტია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ადმინისტრაციის უფროსს, ლაშა ჟვანიას შორის საკადრო პოლიტიკაზე უთანხმოებას გამორიცხავს. ამის შესახებ მოისწრაფიშვილმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ჟურნალისტებმა შესაძლო უთანხმოებაზე ჰკითხეს. 

“მათ (ქეთევან მიქაძე, ნანა კაშია) არ აქვთ მრჩევლის სტატუსი და დროებითი ხელშეკრულებით არიან დასაქმებულები. ქალბატონ კაშიასთან მიმართებაში იყო ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა ჟვანიას გადაწყვეტილება – მათ მრავალწლიანი სამსახურებრივი ურთიერთობა აკავშირებთ”,განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტსა და მისი ადმინისტრაციის უფროსს შორის საკადრო საკითხებზე უთანხმოებაა, ლაშა ჟვანია კატეგორიულად უარყოფს.

“არა, როგორ შეიძლება, უთანხმოება მქონდეს პრეზიდენტთან. მე პრეზიდენტის ბრძანებებს ვასრულებ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ რაც შეეხება საკადრო საკითხებს, პრეზიდენტი ვერ და არ ერევა. მხოლოდ და მხოლოდ მრჩევლებს არჩევს. დანარჩენი ადმინისტრაციაში რაც ხდება, როგორ შეიძლება, პრეზიდენტი იყოს ისე თავისუფალი დროის თვალსაზრისით, რომ მიუბრუნდეს და იმუშაოს ამაზე”, განაცხადა ლაშა ჟვანიამ “რუსთავი2თან”.