{{ARTICLEIMAGE}}თბილისის მერია ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ხუთი თვის მანძილზე გაგრძელდება. ხიდი სააკაძის მოედანს და წერეთლის გამზირს აკავშირებს.
ხიდის რეაბილიტაცია იმ კვლევის მიხედვით გადაწყდა, რომელიც 2015 წელს ჩატარდა თბილისის ხიდების მდგომარეობის დასადგენად. კახა კალძის განცხადებით ვახუშტის ხიდის მდგომარეობა არასახარბიელოა.
“პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერების, რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა, ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ინფორმაციას ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შესახებ მოსახლეობას უახლოეს მომავალში მიაწვდიან.