კახა კალაძე: ვაკის პარკმა გაიმარჯვა, გილოცავთ, იქ არაფერი აშენდება

თბილისის მერიამ ინვესტორთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. კახა კალაძე აცხადებს, რომ ქალაქისთვის დამაზიანებელი ნებართვა ყოფილმა მერმა გიგი უგულავა გასცა.

დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა სასტუმრო “ბუდაპეშტის” დამფუძნებლებთან. იცით, რომ ამ თემაზე ვნებათაღელვა არ წყდება. ვაკის პარკმა გაიმარჯვა და მინდა მოგილოცოთ. მინდა მივულოცო თბილისს და თბილისელებს, ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა და ამ კონკრეტულ ადგილზე, ვაკის პარკში არაფერი აშენდება”, განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება სასტუმრო “ბუდაპეშტის” მფლობელის, გოგა ზაქაიძის პოზიციას, მისი თქმით, მერიის მიერ შემოთავაზებული ვარიანტები არის ადეკვატური, ამიტომ კომპანია დათანხმდა მერიის წინადადებას.

“ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავთანხმდეთ ჩანაცვლებაზე ან გამოსყიდვაზე. ჩვენ გვაქვს ალტერნატივა, რომ ამოვარჩიოთ ჩამონათვალიდან, რომელი ობიექტი უფრო გვაწყობს. რამდენიმე დღეში დავასრულებთ ამ პროცესს. ჩანაცვლება ან გამოსყიდვა ჩვენ გვაკმაყოფილებს, უბრალოდ არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. მე შევხვდები ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებს, რომ ერთად გადავწყვიტოთ, რომელ მხარეს წავა ჩვენი ინტერესი. ჩვენ შეგვეძლო სასამართლო პროცესებისკენ წასვლა, შევეცდებოდით მშენებლობის ნებართვის აღდგენას, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე შეთანხმების გაფორმება ვარჩიეთ. შემოთავაზებული ვარიანტები არის რეალობასთან ახლოს და ადეკვატურია, ამიტომ დავთანხმდით გაცვლაზე. ჩვენთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ბიზნესს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გავაკეთებთ, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მთაწმინდაზე, ვარკეთილში თუ გლდანში. იქ არის საინტერესო ვარიანტები, თუმცა ამ ეტაპზე ადგილმდებარეობას ვერ დავაკონკრეტებ”, განაცხადა ზაქაიძემ.