Washington Post: აშშ უკრაინას თხოვს რუსეთთთან მოლაპარაკებების მიმართ მეტი მზაობა აჩვენოს

გამოცემა  Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია პირად საუბრებში მოუწოდებს უკრაინის ლიდერებს რუსეთთან მოლაპარაკებების მიმართ მეტი მზაობა აჩვენოს და გადახედოს საჯარო უარს სამშვიდობო მოლაპარაკებებეზე, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებას არ ჩამოშორდება.

თუმცა, გამოცემის ინფორმაციით ეს იმის გამო არ ხდება, რომ უკრაინას მოლაპარაკებები აიძულონ. გამოცემის წყარო ამბობს, რომ ეს რჩევა პრაგმატულ გათვლებს ეფუძნება, რაც კიევს დაეხმარება სხვა ქვეყნების მხარდაჭერაც შეინარჩუნოს, რომელთა ხელისუფლებები იძულებულნი არიან ანგარიში გაუწიონ საკუთარი ამომრჩევლის შიშებს იმის თაობაზე, რომ უკრაინაში ომი რამდენიმე წელი გაჭიანურდება.

მანამდე რუსეთის ოფიციალური პირები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ, თუმცა მხოლოდ რუსეთის პირობებზე. კიევი საპასუხოდ ამბობდა, რომ მოლაპარაკებები ახლა მხოლოდ მოსკოვის ინტერესებშია და მას დროს მისცემს ახალი შეტევისთვის მოემზადოს. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებას შეუძლია გრძელვადიანი მშვიდობა მოიტანოს.

როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ამერიკელი ჩინოვნიკები სრულად იზიარებენ ვლადიმირ ზელენსკის პოზიციას, თუმცა ამავე დროს აღიარებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის კატეგორიულმა უარმა რუსეთთან მოლაპარაკებაზე, ევროპის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც განსაკუთრებით იგრძნობა ომის გავლენა სურსათისა და საწვავის ფასების ზრდაზე, შეშფოთება გამოიწვია.

გარდა ამისა, ომის მეტისმეტად გაჭიანურების შესახებ შიშები აქვთ იმ ქვეყნებსაც, რომლებმაც აქამდე ვერ გადაწყვიტეს მხარი დაეჭირათ აშშ–ს მეთაურობით შექმნილ უკრაინის დახმარების კოალიციისთვის – ან მოსკოვთან საკუთარი კავშირების, ან იმის შიშით, რომ არ სურდათ ვაშინგტონთან ერთ რიგში აღმოჩენილიყვნენ.

მაგალითად, არაბეთის გაერთიანებულმა საემირომ ცოტა ხნის წინ გაეროში თავი შეიკავა რუსეთის მიერ 4 უკრაინული რეგიონის ანექსირების წინააღმდეგ კენჭისყრაზე და  განაცხადა, რომ ამის ნაცვლად მსოფლიო ცეცხლის შეწყვეტაზე და კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებაზე უნდა კონცენტრირდეს. ბრაზილიის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ განაცხადა, რომ ზელენსკის ომზე ისეთივე პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც პუტინს.

ინდოეთის პრემიერ მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ, რომელიც ცდილობს მოსკოვთანაც და კიევთანაც კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოს, ოქტომბერში ზელენსკისთან საუბარში მას სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვაში დახმარება შესთავაზა, რაზეც უკრაინის ლიდერმა უარი თქვა – წერს  Washington Post.