“ყაზტრანსგაზი“: 16 იანვრის დილას საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვა არ დაფიქსირდა

{{ARTICLEIMAGE}}
“ყაზტრანსგაზ თბილისი” დიდ დიღომში, საცხოვრებელ ბინაში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს:

“2019 წლის 16 იანვარს, შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ცხელ ხაზზე (114) შემოვიდა მოქალაქე გიორგი იმედაძის შეტყობინება დიდ დიღომში, ავთანდილის ქ. #8-ში მდებარე კორპუსის სადარბაზოში გაზის სუნის შესახებ. აღნიშნულ შეტყობინებაზე რეაგირების მიზნით, მისამართზე სპეციალური აღჭურვილობით, შესაბამისი კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების ჯგუფი გაემართა. ამავდროულად კომპანიის ცხელ ხაზზე, იგივე მისამართიდან მეორე, მოქალაქე გიგა ჭანტურიას შეტყობინება შემოვიდა, რომელიც შესასრულებლად გზაში მყოფ იმავე ჯგუფს გადაეგზავნა. კომპანიის საავარიო სამსახურის მხრიდან შეტყობინებებზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების მიერ. საავარიო სამსახურის ჯგუფი გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე და ზემოხსენებული მოქალაქეების თანდასწრებით შეამოწმა შეტყობინებაში მითითებული ადგილები, ასევე, ლიფტის შახტი და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები. აღნიშნული ადგილები შემოწმდა ბუნებრივი გაზის კონცენტრაციის დამდგენი სპეციალური აპარატით დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა”, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

აფეთქებისას გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავდა 8 ადამიანი და ისინი უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან.