{{ARTICLEIMAGE}}
კომპანია “ყაზტრანსგაზ თბილისი” აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქება, რომელმაც 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
“16 იანვარს, 20:33 საათზე საპატრულო ეკიპაჟმა გადმოგვცა ინფორმაცია აღნიშნულ კორპუსში აფეთქების თაობაზე. კომპანიის წარმომადგენლების ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ, მე-6 სართულზე მდებარე 49-ე ბინაში. აღსანიშნავია, რომ კორპუსის რამდენიმე ბინაში (მათ შორის, აფეთქებული ბინის მეზობელთან) დამონტაჟებული ბუნებრივი გაზის გაჟონვის დეტექტორები დენის წყაროდან გამორთული იყო. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია”, წერია “ყაზტრანსგაზის” განცხადებაში. კომპანია აღნიშნავს, რომ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მჭიდროდ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და დაინტერესებულია, რომ გამოძიება სრულად და ობიექტურად ჩატარდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.
როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
აფეთქებისას გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავდა 8 ადამიანი და ისინი უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან.