ყინულის სასტუმრომ ახალი სეზონი გახსნა

შვედეთში, იუკასავრიში 29 წლის წინ შექმნილმა ყინულის სასტუმრომ 2018–19 წლის სეზონი გახსნა. წელსაც მისი ახალი ყინულის ნომრები ულამაზესი და განსაკუთრებულია როგორც ყოველთვის. ცნობილი სასტუმრო ყოველწლიურად ნომრებს ანახლებს და მოგზაურებს სრულიად ახალ ყინულის დიზაინს სთავაზობს. წელს სტუმრებს 15 ახალი ნომერი ხვდებათ, რომლებიც 34 მა მხატვარმა და დიზაინერმა შექმნა 13 ქვეყნიდან.

სასტუმრო უკვე მესამე წელია სტუმრებს არა მხოლოდ ზამთარში, არამედ მთელი წლის განმავლობაში იღებს. 2016 წლიდან სასტუმროს ნაწილის დიზაინი მუდმივად ნარჩუნდება და სასტუმრო აქ სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში იღებს. იმისათვის, რომ ყინულის სასტუმრომ ზაფხულობითაც იფუნქციონიროს, ინჟინრების და ტექნიკოსების დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო. სპეციალური მზის ენერგიაზე მომუშავე დანადგარების მეშვეობით შენობაში ტემპერატურა –5 გრადუსზე ნარჩუნდება.

{{ARTICLEIMAGE}}

თუმცა მუდმივი ნომრების გარდა სასტუმრო ცვალებად ნომრებს კვლავ ინარჩუნებს და მისი უნიკალურობაც ეს არის.

ყოველწლიურად ნომრების გაფორმების უფლების მოსაპოვებლად ერთმანეთს ეჯიბრებიან სკულპტორები, მხატვრები და ყინულმჭრელები მთელი მსოფლიოდან. სასტუმრო მათ შორის საუკეთესოებს არჩევს. ამგვარად იქმნება ნომრები, რომლებიც ფაქტიურად ხელოვნების ნიმუშებია.

წლევანდელი დიზაინი ნატურალური ბუნებით არის შთაგონებული. კამკამა გაყინული წყალი და ორიგინალური განათება წარმოუდგენელ ეფექტს ქმნის. ახალი დიზაინის ნომრები 2019 წლის აპრილამდე შენარჩუნდება. შემდეგი სეზონისთვის კი ახალი ნომრები შეიქმნება.

ყოველწლიურად სასტუმროს დაახლოებით 70 000 სტუმარი ყავს. მათ სასტუმროში ცხოვრების წესებს დეტალურად აცნობენ და ატრენინგებენ, თუ როგორ უნდა ადაპტირდნენ გაყინულ გარემოსთან. ნომრებში სტუმრებს თბილი საძილე ტომრები ხვდებათ. გარდა ამისა მათ განკარგულებაშია ყინულის ბარი და ყინულის სკულპტურების გალერეა, სადაც მასტერკლასები ტარდება მათთვის, ვისაც უნდა გაყინული წყლისგან ხელოვნების ნიმუში შექმნას. სტუმრებს არჩევანსაც სთავაზობენ. მათ შეუძლიათ ცივ ოთახში დარჩნენ ან დასაძინებლად თბილი ოთახები აირჩიონ.

Icehotel 365 მომავალ წელს 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძველი სასტუმროა ყინულის სასტუმროებს შორის.
იუკასავრი შვედეთის ყველაზე ჩრდილეთით მდებარე აეროპორტიდან – კირუნადან 17 კილომეტრში და ჩრდილოეთ პოლარული წრიდან 200 კილომეტრში მდებარეობს.

{{PHOTOGALLERY}}