დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ სამოქალაქო მოძრაობის ლიდერისგან, ალეკო ელისაშვილისგან უღირსი ქცევა არ უკვირს.
“ელისაშვილისგან ვინმეს, რამე რომ უკვირს, მე ის მიკვირს პირადად. არ მიკვირს ამ ადამიანისგან არანაირი უღირსი და მდაბიო ქცევა. არ მიკვირს, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის ის, ვისი სიტყვაც არ დაიჯერება. მისი გულწრფელობის არასდროს მჯეროდა. ვისურვებ, რომ ეს ენერგია არ დაიხარჯოს შიდა კამათზე, შიდა კონფლიქტზე”,– თქვა ბესელიამ ფორმულასთან საუბარში.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიცია და ელისაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატებზე ვერ შეთანხმდნენ, ევროპულ საქართველოსა და ელისაშვილს შორის ურთიერთოდაპირისპირება დაიწყო. გუშინ ელისაშვილმა ოპოზიციას გაუგებრობისა და დაპირისპირების დასასრულებლად, ინიციატივა შესთავაზა. მან ოპოზიციას მოუწოდა, კვლევა ჩაატარონ და მისი შედეგებით შეარჩიონ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები.