ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯის საკითხზე დაწყებულ გამოძიებას მმართველი გუნდის “დიდი ხნის წინ დაგეგმილ პროვოკაციას” უწოდებს.
მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს ვერავინ გაბედავდა, რომ ქართველები გარეჯში არ შეეშვათ.
“ისინი აპირებენ, რომ ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ ამ ტერიტორიების გასხვისების რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან. შემდეგ აპირებენ, გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს, 70 თუ 80 მილიონი, რაც დაიბადება ფსბ პროპაგანდისტების თუ ივანიშვილის თავში, ამ მიწების გასხვისებისთვის. შემდეგ ამაზე ააგებენ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა. სიმართლე არის სრულიად საწინააღმდეგო.
ჩემი მმართველობის დროს ყველა შეხვედრაზე ვაყენებდით საკითხს, რომ საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯი ყოფილიყო ბოლომდე დაკანონებული, როგორც საქართველოს სუვერენული ტერიტორია. ჩვენ დროს ვერავინ გაბედავდა, ქართველები არ შეეშვათ გარეჯში და ახლა ქართველ მომლოცველებს ჩაუკეტეს ძეგლში შესვლის საშუალება”,- ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.
ჩვენთვის, ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი სალოცავი და ჩვენი ყველაზე მთავარი ფასეულობა
ის რაც გუშინ მოხდა მარნეულში, ჟურნალისტების და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების წინააღმდეგ, რაც მოხდა ორი დღით ადრე ბოლნისში და გლდანში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ნამდვილად მზადდება ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა, არჩევნების გზით 31 ოქტომბერს!ის რაც იკადრეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი ძეგლის, ჩვენი უწმინდესი ადგილის გარეჯის მიმართ ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია.ჩვენს დროს ვერავინ ვერ გაბედავდა ქართველები არ შეეშვათ გარეჯში და ახლა ივანიშვილის დროს ქართველ მომლოცველებს, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეებს ჩაუკეტეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს ძეგლში შესვლა – და ეს მოხდა ამათ დროს!ჩვენთვის, ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი სალოცავი და ჩვენი ყველაზე მთავარი ფასეულობა და ჩვენ, ჩვენს ქვეყანას დავიცავთ ყველა სახის პროვოკაცისაგან.საქართველოში ნამდვილად არ ბნელა, საქართველოში ნამდვილად გათენდება!..
Posted by Mikheil Saakashvili on ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2020
გუშინ, 29 სექტემბერს პროკურატურამ დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების საქართველოს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.
მათივე ცნობით, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.