ბოლო 8 წელში ოპოზიციამ აქციაზე 10 ათას კაცს ვერ მოუყარა თავი – სუბარი

ქართული ოცნების წევრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ 200–300 ათასიანი აქციები ჩვეულებრივი ამბავი იყო, ოპოზიციამ კი 8 წელში 10 ათასი კაციც ვერასდროს შეკრიბა.

„ბოლო 8 წელი სწორედ იმით ხასიათდება, რომ ვერც ერთხელ ოპოზიციამ ქუჩის მასშტაბური აქციების მოწყობა ვერ შეძლო. მაგალითად, რაც ხდებოდა 2007-ში, 2008-ში, 2009-ში, აღარ ვსაუბრობ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ 200-300 – ათასიანი მიტინგები რომ ჩვეულებრივი ამბავი გახდა, მსგავსი რამ კი არა, 10 ათას კაცს ვერ მოუყარეს თავი, რადგან, ცხადია, უფრო რადიკალურ ქმედებებზე გადავიდოდნენ.

არ დარჩა საერთაშორისო ასპარეზე ვინმე, ვინც ოპოზიციას არ მოუწოდა, რომ პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას და შევიდნენ პარლამენტში. ქუჩის აქციები ზოგადად დემოკრატიის ნაწილია, როცა ის კანონიერების ფარგლებში ჯდება და ხელს მათ არავინ უშლის. ისიც არ მესმის პარლამენტში შესვლა რატომ უშლის ამ აქციებს ხელს, მაგრამ თუ თვითონ ურჩევნიათ გარეთ იყვნენ, იყვნენ გარეთ”,– თქვა სუბარმა პალიტრანიუსის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ქართულმა ოცნებამ 2012 წელს ქუჩაში დატოვა და ისინი მუდმივად ქუჩაში დარჩებიან.