გერმანიის ფედერალური პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულს უწოდებს

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, იგივე თორნიკე ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარუდგინა. პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ ეჭვმიტანილმა ბოროტმოქმედება რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით ჩაიდინა და მას ბრალი ედება მკვლელობასა და იარაღის შესახებ კანონის დარღვევაში.

განცხადებაში ასევე საუბარია მკვლელობის გარემოებებზე, მათ შორის ხანგოშვილის ურთიერთობებზე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებასთან. პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულს უწოდებს.

„შეკვეთილი მკვლელობის უკან იდგა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის მთავრობასთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან,“- ვკითხულობთ დოკუმენტში.

გარდა ამისა, ტექსტში წერია, რომ ხანგოშვილი რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩენი სეპარატისტების მხარეს, 2008 წელს კი საქართველოში მეომრები შეკრიბა რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხრეთ ოსეთში.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულს  რუსული პასპორტი აღმოაჩნდა.