ზელენსკიმ განაცხადა, რომ G7-ის სამიტზე ტრამპს შეხვდება. მანამდე კი იუბილე მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება, სადაც 15-17 ივნისს „დიდი შვიდეულის“ — G7-ის — სამიტი გაიმართება. შესაბამისი ჩანაწერი ზელენსკიმ კვირას, 14 ივნისს, Telegram-ზე გამოაქვეყნა თეთრი სახლის ხელმძღვანელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

„ჩვენ განვიხილეთ ის, რაც ახლა მშვიდობის დაახლოებას შეიძლება დაეხმაროს, და პრეზიდენტს ბრძოლის ველზე ბოლო მოვლენებისა და იმის შესახებ ვაცნობე, თუ როგორ გაძლიერდა ჩვენი პოზიცია. შევთანხმდით, რომ ამაზე უფრო ვრცლად G7-ის სამიტზე ჩვენი შეხვედრის დროს ვისაუბრებთ“, — დაწერა მან. „გვაქვს რამდენიმე კარგი იდეა, რომელიც მშვიდობის დაახლოებასა და სიცოცხლეების დაცვას შეიძლება დაეხმაროს“, — აღნიშნა უკრაინის ლიდერმა. „უკრაინა და ჩვენი თავდაცვა, ჩვენი შესაძლებლობები მშვიდობამდე მისასვლელად, მთავარი თემების შორის იქნება“, — დაამატა ზელენსკიმ სხვა პოსტში.

ტრამპთან გამართულ საუბარს უკრაინის პრეზიდენტმა „შესანიშნავი“ უწოდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს 80 წლის იუბილე მიულოცა. „საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ ბევრი საკვანძო საკითხი, მათ შორის, რა თქმა უნდა, მშვიდობა. პრეზიდენტ ტრამპს წარმატება ვუსურვე, პირველ რიგში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებისკენ მიმართულ მის ძალისხმევაში“, — ნათქვამია ჩანაწერში.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის უკრაინას უწევს. „მნიშვნელოვანია, რომ მადლიერებით გვახსოვს ამ მხარდაჭერის ყოველი ნაბიჯი — Javelin-იდან Patriot-მდე“, — აღნიშნა მან.

„ვისაუბრეთ ომზე, მის ფესვებსა და ყირიმზე“

უკრაინის ლიდერმა დააზუსტა, რომ პოლიტიკოსებმა დიდხანს ისაუბრეს „ომზე, მის ფესვებზე, დიპლომატიურ შესაძლებლობებსა და ჩვენი პარტნიორების პოზიციებზე“. ზელენსკის თქმით, ამერიკული საზოგადოება სრულად უჭერს მხარს უკრაინის სწრაფვას ღირსეული მშვიდობისკენ — რუსეთის ომისგან თავდაცვის პირობებში.

„და დღეს აბსოლუტურად სწორი იყო პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები, მათ შორის, ჩვენს ყირიმზე: ყველაფერი სწორედ რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცებით დაიწყო და მაშინ ძლიერი ლიდერობა რომ ყოფილიყო, მთელი ომი უბრალოდ არ იქნებოდა“, — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

უშაკოვი: პუტინმა ტრამპს დაურეკა

ტრამპს 80 წლის იუბილე მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც, განაცხადა მისმა თანაშემწემ იური უშაკოვმა. მისი თქმით, საუბარი „მეგობრულ და გულწრფელ ხასიათს ატარებდა“ და ზუსტად 55 წუთს გაგრძელდა.

უშაკოვის თქმით, ლიდერებმა განიხილეს საერთაშორისო ვითარება, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები და ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის შესაძლო კონტაქტები. პუტინმა ტრამპს მისალოცი გზავნილიც გაუგზავნა. უშაკოვის თქმით, ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინი იყო პირველი უცხოელი ლიდერი, რომელმაც მას თეთრ სახლში დაურეკა.

საუბრის დროს, უშაკოვის განცხადებით, ტრამპმა კვლავ გაამახვილა ყურადღება სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის აუცილებლობაზე. ამ კონტექსტში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ მოახლოებული G7-ის სამიტიც ახსენა. დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ „თუ ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება“, გაიხსნება „ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების მართლაც ახალი ხარისხის ჩამოყალიბების პერსპექტივები“, — განაცხადა უშაკოვმა. პუტინმა საუბარში მიუთითა კიევის დარტყმებზე რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე.

კრემლი: უიტკოფი და კუშნერი რუსეთში ჩავლენ

„შეთანხმებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, რომლებიც ახლა ყველაზე აქტიურად არიან დაკავებული ირანის საკითხებით, უახლოეს პერიოდში კვლავ ჩავლენ რუსეთში“, — ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტენოგრამაში.

ასევე განიხილებოდა ვითარება აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო ურთიერთგაგების მემორანდუმის გარშემო. „აღინიშნა მზადყოფნა, გაგრძელდეს მუშაობა ვითარების სტაბილიზაციისა და იმ სიღრმისეული საკითხების გადასაჭრელად, რომლებზეც ჯერ კიდევ სერიოზულად იქნება სამუშაო“, — დაამატა იური უშაკოვმა.