ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი „ქართულ ოცნებას“ კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს. ეს გადაწყვეტილება „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგის ფარგლებში გამოქვეყნდა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეკრებებისა და საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციული დაკავებების, სანქციებისა და სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობა და პრაქტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. კომიტეტი აცხადებს,რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას დემოკრატიულ საზოგადოებაში და, გამოხატვის თავისუფლების მსგავსად, ასეთი საზოგადოების ერთ-ერთ საფუძველს. გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საკანონმდებლო და აღსრულების ზომებზე, რომლებიც შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელებაზე მსუსხავ ეფექტს ახდენს.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს ხელისუფლებას, საფუძვლიანად გადახედოს შესაბამის კანონმდებლობასა და პრაქტიკას და მოიყვანოს ისინი კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული არაპროპორციული და თვითნებური ადმინისტრაციული დაკავება/პატიმრობა და პასუხისმგებლობის დაკისრება, მათ შორის სისხლისსამართლებრივი მსჯავრდება, გადაჭარბებული სანქციები, და უზრუნველყოფილ იქნეს სამართალწარმოების საერთო სამართლიანობა; კომიტეტმა ხელისუფლებას შესაბამის მხარეებთან და ევროპის საბჭოს ექსპერტებთან აქტიური კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდა. კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, წარმოადგინოს განახლებული ინფორმაცია სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების პრაქტიკის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია დემონსტრაციების კონტექსტში ადმინისტრაციულ დაკავებებთან/პატიმრობებთან და პასუხისმგებლობის დაკისრებასთან, შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლს და მოუწოდეს ხელისუფლებას უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტიანი საქმიანობისათვის სრულად ხელშემწყობი გარემო.















