გოგოს, რომელმაც სადაზღვევო თანხის – 1 მილიონი ევროს მისაღებად ხელი განზრახ მოიჭრა პატიმრობა მიესაჯა

სლოვენიის სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ახალგაზრდა ქალს, რომელმაც ხელის ნაწილი განზრახ მოიჭრა, რათა უზარმაზარი სადაზღვევო თანხა მიეღო.

22 წლის იულია ადლესიჩი ცდილობდა სასამართლოში დაემტკიცებინა, რომ უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის ელექტროხერხით  ხის ტოტების მოჭრას ცდილობდა. გამოძიებამ კი დაადგინა, რომ ამ შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე გოგომ და მისმა საქმრომ ხუთი სადაზღვევო პოლისი გააფორმეს და იმედი ჰქონდათ, რომ ჯამში სადაზღვევო თანხის სახით 1 მილიონ ევროს მიიღებდნენ უბედური შემთხვევის.

ადლესიჩის გარდა ლუბლიანას სასამართლომ სადაზღვევო აფიორაში დამნაშავედ მისი საქმროც ცნო. სებასტიან აბრამოვს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა. მის მამას – ერთწლიანი პირობითი სასჯელი. საქმეში დედაც ფიგურირებდა, თუმცა ის საბოლოოდ უდანაშაულოდ ცნეს.

ბრალდებას ყველა მათგანი უარყოფდა.

ინციდენტი, რომლის დროსაც ბრალდებულის მტკიცებით მან შემთხვევით დაკარგა მარცხენა ხელის მტევანი, 2019 წლის იანვარში, აბრამოვის მამის სახლში მოხდა. პოლიციამ მაშინვე საეჭვოდ ჩათვალა ის ფაქტი, რომ საქმრომ დაზარალებული საავადმყოფოში მიიყვანა, თუმცა თან არ მიუტანია მისი ხელის მტევანი.

გამოძიებამ ჩათვალა, რომ ეს განზრახ გაკეთდა, რათა ინვალიდობა სამუდამო ყოფილიყო. თუმცა , პოლიციელებმა შეძლეს საავადმყოფოში გოგოს ხელის მტევანი დროულად მიეტანათ, რის შედეგადაც მას ხელის მტევანი მიაკერეს და ხელი აღუდგინეს.

ამასთან, დადგინდა, რომ უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე აბრამოვი ინტერნეტით ეძებდა პასუხს კითხვაზე – როგორ მუშაობს პროტეზიანი ხელი.

აბრამოვი ასევე ეჭვმიტანილი იყო მისი ყოფილი მეგობარი გოგოს მკვლელობაში, რომელიც 2015 წელს ცეცხლსასროლი იარაღით დაიღუპა. ადგილობრივი პრესა, რომელიც პროცესის მიმდინარეობას დეტალურად აშუქებდა, წერს, რომ ადლესიჩი და აბრამოვი მას შემდეგ დაინიშნნენ, რაც საქმრო უკვე განსასჯელის სკამზე იჯდა.

იულია ადლესიჩი, რომელმაც გამოძიების პერიოდი შინაპატიმრობაში გაატარა, სასამართლოს სხდომებზე გამომწვევი სამოსით დადიოდა, რის გამოყენებასაც ადვოკატები მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ცდილობდნენ. მათი ლოგიკით, გოგოს, რომელსაც უნდა მიმზიდველად გამოიყურებოდეს არ შეეძლო საკუთარი ხელი განზრახ მოეჭრა, თუმცა სასამართლომ დაცვის ეს არგუმენტი არ გაიზიარა.