იაფფასიანი პრეპარატი დექსომეტაზონი კორონავირუსის წინააღმდეგ “სიცოცხლის გადამრჩენლად“ აღიარეს

ერთ–ერთ ყველაზე იაფ და ფართოდ ხელმისაწვდომ პრეპარატს, დექსომეტაზონს კორონავირუსით სერიოზულად დაავადებული პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის უნარი აღმოაჩნდა.

ბრიტანელი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სტეროიდების დაბალი დოზებით მკურნალობა კორონავირუსთან ბრძოლაში დიდი გარღვევაა.

ამან მესამედით შეამცირა იმ პაციენტების სიკვდილიანობის რიცხვი, ვინც ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე არიან შეერთებული. მათში  კი, ვისაც ჟანგბადი ხელოვნური გზით მიეწოდებათ სიკვდილიანობა ხუთჯერ შეამცირა.

პრეპარატი მსოფლიოში უმსხვილესი მსოფლიო კვლევის ნაწილი გახდა, რომელიც სწავლობს დღეისათვის არსებული მკურნალობის მეთოდების ეფექტურობას და ცდილობს დადგენას, რომელი მათგანი მუშაობს კორონავირუსის წინააღმდეგ ყველაზე კარგად.

მკვლევარების შეფასებით პრეპარატი დიდ ბრიტანეთში პანდემიის დაწყებიდანვე რომ გამოეყენებინათ მკურნალობაში  5000 სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი. იმის გამო, რომ ეს პრეპარატი იაფფასიანია, მას შეუძლია უდიდესი სარგებელი მოუტანოს შედარებით ღარიბ ქვეყნებს, რომლებიც კორონავირუსით დაავადებული დიდი რაოდენობით პაციენტების გადარჩენას ცდილობენ.

პრეპარატს უკვე მოიხსენიებენ სიცოცხლის გადამრჩენლად.

ბიბისიში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით 20 დან დაახლოებით 19 პაციენტი ჰოსპიტალიზაციის გარეშე გამოჯანმრთელდა. მათგან კი, ვინც საავადმყოფოში ხვდება უმრავლესობა ასევე გამოჯანმრთელებას ახერხებს. თუმცა ზოგიერთს შესაძლოა ჟანგბადი ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია დაჭირდეს.

ესენი არიან მაღალი რისკის მქონე პაციენტები, რომლებსაც როგორც ირკვევა დექსომეტაზონი  ასევე შველის.

პრეპარატს უკვე იყენებენ სხვადასხვა მდგომარეობაში ანთებების შესამცირებლად და როგორც ჩანს, მას აქვს უნარი ზოგიერთი დაზიანება შეაჩეროს, რომლებიც შესაძლოა მაშინ მოხდეს, როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა კორონავირუსთან ბრძოლაში გადატვირთვას იწყებს.

ორგანიზმის გადაჭარბებული რეაქცია ვირუსზე, რასაც ციტოკინურ ქარიშხალს უწოდებენ, როგორც ცნობილია მომაკვდინებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

კვლევაში, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდმა ჩაატარა, საავადმყოფოში მყოფი 2000 პაციენტის შედეგები, რომლებიც დექსომეტაზონს იღებდნენ შეადარეს 4000 პაციენტის შედეგებს, რომლებსაც ეს პრეპარატი არ მიუღიათ.

ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მყოფ პაციენტებში მან სიკვდილიანობის მაჩვენებელი 40–დან 28%–მდე შეამცირა.

პაციენტებში, რომლებიც ხელოვნურ ჟანგბადს საჭიროებენ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 25–დან 20%–მდე შემცირდა.

მთავარი მკვლევარი, პროფესორი პიტერ ჰორბი ამბობს, რომ ჯერჯერობით ეს არის ერთადერთი პრეპარატი, რომელიც სიკვდილიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს და ეს დიდი გარღვევაა.

წამყვანი მკვლევარის, პროფესორ მარტინ ლენდრეის თქმით მიღებული შედეგები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ამ პრეპარატს ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი ყოველი მერვე პაციენტის გადარჩენა შეუძლია.

“ეს არის აშკარა და მკაფიო უპირატესობა. დექსომეტაზონით მკურნალობა მაქსიმუმ 10 დღე გრძელდება და ის დაახლოებით 5 ფუნტი სტერლინგი ღირს ერთი პაციენტისთვის დღეში. ამიტომაც, თითო პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა საშუალოდ 35 ფუნტი სტერლინგი ჯდება. ეს პრეპარატი მთელ მსოფლიოშია ხელმისაწვდომი “ – ამბობს ის.

პროფესორ ლენდრეის თქმით, ამიერიდან საავადმყოფოში მყოფმა პაციენტებმა საჭიროების შემთხვევაში პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ, თუმცა ადამიანები მის საყიდლად ქუჩაში არ უნდა გამოვიდნენ და ის სახლში არ უნდა მიიღონ.

როგორც ჩანს, დექსომეტაზონი ნაკლებად შველის კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს, ანუ მათ, ვისაც სუნთქვისას დახმარება არ ჭირდებათ.

კორონავირუსის მკურნალობისას გამოყენებად პრეპარატებზე კვლევა მარტიდან მიმდინარეობს. მათ შორის, გამოიკვლიეს ჰიდროქსილქლოროქინი, რომელიც მოგვიანებით უარყოფილ იქნა იმის გამო, რომ მან შეიძლება სიკვდილიანობა და გულის პრობლეები გაზარდოს.

კიდევ ერთი პრეპარატი, რემდესივირი, რომელიც სავარაუდოდ მკურნალობის ხანგრძლივობას ამცირებს, ამჟამად დაშვებულია, თუმცა მის ეფექტურობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.