ირაკლი კობახიძემ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დიუშენის მქონე ბავშვებისთვის შეიქმენა სამუშაო ჯგუფი და მშობლებთან ერთად შეჯერდნენ “კონკრეტულ მედიკამენტზე”, შესყიდვის საბოლოო გადაწყვეტილება სხვადასხვა ფაქტორის, მათშორის, ფარმაცევტული კომპანიების შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით მოხდება.
“როგორც მოგეხსენებათ დღეს გაიმართა მეორე შეხვედრა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.
კიდევ ერთხელ რომ დავკონკრეტდეთ, შეიქმნება საგანგებო სამუშაო ჯგუფი, დაიწყება კონკრეტული სამუშაო პროცესი და რა თქმა უნდა, მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ ჩვენ შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც კონკრეტული მიზეზების გამო ახლა არ ვასახელებთ, თუმცა ამის შესახებ, რა თქმა უნდა, მშობლების სრულ წრეს ექნება სათანადო ინფორმაცია.
მე მინდა მადლობა გადავუხადო შეხვედრაში მონაწილე თითოულ მშობელს, ისევე როგორც ზოგადად ყველა მშობელს კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს შესაბამისს თანამშრომლებს საკითხის სიღრმისეული დამუშავებისთვის, და ჩვენ გამოვთქვავთ იმედს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება შექმნის საუკეთესო საფუძველს ბავშვების ინტერესების დაცვისა და რეალიზებისათვის” – განაცხადა კობახიძემ.















