ტრამპი ირანზე „ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ“ დარტყმას განიხილავს

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ამერიკელ სამხედროებს ახალი ოპერაციის დაწყების ბრძანება არ მიუღიათ, თუმცა შესაძლო სამხედრო სცენარისთვის მზადება მიმდინარეობს.

„მასშტაბური დარტყმის შესაძლებლობას განვიხილავ — ისტორიაში ყველაზე მასშტაბურის. გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოს ვარ. ჩვენ სრულად მზად ვართ“, — განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის მტკიცებით, შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლად მოქმედება შეუძლია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ისრაელი ოპერაციას „ორ წუთში“ შეუერთდება.

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში ამ დროისთვის პროგრესი არ შეინიშნება. ტრამპი აცხადებს, რომ თეირანს შეთანხმების მიღწევა სურს, თუმცა პირობების მისაღებად ჯერ მზად არ არის.

Axios-ის ინფორმაციით, ირანის ხელისუფლებამ შუამავლების მეშვეობით გადაცემული ბოლო შეთავაზება უარყო.