კორონავირუსის ახალი კერა ჩინეთში – ყველაზე მაშტაბური კოვიდ აფეთქება უხანის შემდეგ

ჩინეთში კორონავირუსის ახალი აფეთქება დაიწყო: თავდაპირველად ვირუსი ცხრამილიონიან ნანკინში აღმოაჩინეს, საიდანაც ის პეკინის ხუთ პროვინციაში გავრცელდა. ხელისუფლება ეჭვობს, რომ ვირუსი თვითმფრინავით რუსეთიდან შევიდა.

ჯერჯერობით სულ 200 დაინფიცირებულია აღმოჩენილი, თუმცა სახელმწიფო პრესა ამ აფეთქებას ყველაზე სერიოზულს უწოდებს უხანის შემდეგ, სადაც პირველად აღმოაჩინეს ახალი კორონავირუსი.

ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ახალი აფეთქება დელტა შტამმა გამოიწვია, რომლის პირველი მატარებლები ნანკინში დამლაგებლები იყვნენ, რომლებმაც 10 ივლისს რუსეთიდან ჩასული თვითმფრინავის ბორტზე იმუშავეს.

ნანკინის აეროპორტი 11 აგვისტომდე დაკეტილია. ხელისუფლებამ ქალაქის 9.3 მილიონი მოქალაქის და სტუმრის ტესტირების კამპანია დაიწყო. სხვა ადგილებში ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ვირუსმა უკვე მიაღწია 12 სხვა ქალაქამდე, მათ შორის პეკინშიც.

ექსპერტები, რომლებსაც ოფიციალური გაზეთი Global Times ციტირებს, ამბობენ, რომ აფეთქება ყველაზე ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინეს და ვირუსის გავრცელების შეკავება სრულიად შესაძლებელია.

აქამდე ჩინეთის ხელისუფლება, მათივე სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, წარმატებით ართმევდა თავს ვირუსის შეკავებას საზღვრების ჩაკეტვისა და დაინფიცირების კერებში მკაცრი კარანტინების შემოღების გზით.

ჩინეთი მისი 1.4 მილიარდი მოსახლეობით, საიდანაც ახალი კორონავირუსი გავრცელდა დღეისათვის მსოფლიოში ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით 214–ე ადგილზეა. პირველი ტალღის შემდეგ ამ ქვეყანამ ვირუსის შეკავება ყველაზე სწრაფად შეძლო. ამ დრომდე ჩინეთში სულ  92 875 ინფიცირებული და 4 636 გარდაცვლილია რეგისტრირებული. ასეთია ოფიციალური სტატისტიკა, თუმცა ბევრი ექსპერტი ამ სტატისტიკას ეჭვით უყურებს.