მზად ვართ, ბალტიის ქვეყნებთან ტურისტების მიმოსვლა აღვადგინოთ – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრაგი განვითარების მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის, ბალტიის ქვეყნებთან ტურისტების მიმოსვლა აღადგინოს.

მისივე თქმით, ამისთვის ავიაკომპანია “ვიზეარიც” მზადყოფნას გამოთქვამს.

,,ბალტიის ქვეყნებმა ერთმანეთთან უკვე გახსნეს მიმოსვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ მზად ვართ, თითოეულ მათგანთან ტურისტების მიმოსვლა აღვადგინოთ. ძალიან კარგია, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ დაადასტურა მზადყოფნა, რომ აღადგინოს პირდაპირი ფრენები, მათ შორის, ვილნიუსსა და ქუთაისს შორის”,- განაცხადა თურნავამ.

მინისტრი აღნიშნავს, რომ ლიეტუვას ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ჟიგიმანტას ვაიჩიუნასთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

,,ლიეტუვას ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე ჩვენ გავცვალეთ ერთმანეთში მოლოდინები გაიდლანებსა და პროტოკოლებთან მიმართებაში, კერძოდ, რა უნდა იყოს დაცული იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან შემოვა უცხოელი ტურისტი ან ჩვენი მოქალაქე გავა საზღვარგარეთ. კარგია, რომ ჩვენი ხედვა ერთმანეთს ემთხვევა და ჩვენ ლიეტუვას მხარესთან ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ”,- ამბობს ნათია თურნავა.