მზად ვარ, ნიკა მელიას გირაოსთვის ჩემი ხელფასი გადავრიცხო – ელისაშვილი

მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მზად არის, ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად თავისი ხელფასი გადაურიცხოს.

მისი თქმით, ნიკა მელიას მიმართ პირადი დამოკიდებულების გამო მზად არის, ეს ნაბიჯი გადადგას

“ამასწინათ ეთერით მე მომმართა და თქვა, რომ ერთხელ უკვე გადავიხადე გირაოო, ახლა კიდევ დამაკისრესო და ამდენი თანხა არ მაქვს, რომ მეორედ გადავიხადოო. 30 ათასი ლარი ზედმეტი არავის აქვს, მით უმეტეს მეც არ მაქვს, მაგრამ ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, მზად ვარ, ჩემი ხელფასი გადავრიცხო. ეს 30 ათასი ლარი არ არის, სიმართლე ვთქვა, არც ვიცი, რამდენია. არა იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა გულზე მეხატება. დღეს რასაც ვლაპარაკობთ და ყველანი ვლაპარაკობთ, რომ აბსურდული ბრალი აქვს წარდგენილი, ეს არის ნაციონალური მოძრაობის შექმნილი სისტემის შედეგი”, – თქვა ელისაშვილმა.

ნიკა მელიას პოზიციაა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.