“მივესალმები თქვენთან თანამშრომლობას. დაწერეთ ერთი ნოტა“– სააკაშვილი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიმართავს ხელისუფლებას და მოუწოდებს, ერთადერთი ქაღალდი შეავსონ, რომ საქართველოს მოქალაქეების საქართველში ჩამოსაყვანად რეისები შედგეს.

სააკაშვილი კვირაზე მეტია  აცხადებს,  რომ არსებობს თანხები, არსებობს შეთანხმება კონკრეტულ ავიაკომპანიებთან და საჭიროა მხოლოდ ხელისუფლების ჩარევა ფორმალურ საკითხებში, რადგან ამის გარეშე საყოველთაო პანდემიის და ფრენების შეჩერების პირობებში რეისები სხვა ქვეყნებიდან ვერ დაინიშნება.  დღეს სააკაშვილმა კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მათი მხრიდან საჭიროა ერთადერთი ქაღალდის შევსება და ეს დროულად გააკეთონ:

“იმისათვის, რომ გავხსნათ აეროპორტები ევროპაში, ერთადერთი რამე მინდა თქვენგან – ნოტა, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროსი მაგალითად პოლონეთთან, იტალიასთან,ესპანეთთან, გერმანიასთან, რომ ჩვენ მოვდივართ, მოგვყავს ჩვენი მოქალაქეები და მოგვცენ ნებართვა რომ გამოგვიყვანონ. დაგეხარჯებათ ქაღალდი, რომელზეც უნდა დაწეროთ, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა. ქუჩაშია დარჩენილი ხალხი….

ერთად შევადგინოთ სიები, მთლიანად მივესალმები თანამშრომლობას თქვენთან. პოლიტიკა გადავდოთ შემოდგომისთვის, ახლა მივხედოთ ჩვენ ხალხს. ნუ გვეთამაშებით ამ თამაშებს. თუ თქვით კაცურად, რომ მზად ხართ რომ შემოიყვანოთ ეს ხალხი, მალე გააკეთეთ, ხელი არ შეგვიშალოთ და დაწერეთ ერთი ნოტა, რომლითაც ამ ხალხს შემოვიყვანთ. “– ამბობს სააკაშვილი.