ნიუ-იორკის მეტრო ღამის საათებში აღარ იმუშავებს

ქალაქ ნიუ-იორკის მეტრო, ხმაურიანი და გამაღიზიანებელი სისტემა, რომელიც ნიუ-იორკელებს და ტურისტებს ერთნაირად არ უყვართ, ისტორიულ ნაბიჯს დგამს და ღამით მომსახურებას წყვეტს, რათა მატარებლების ვაგონების დეზინფექცია მოხდეს. როგორც ჩანს, ეს დიდი ცვლილებების პრელუდიაა იმ დროს, როდესაც ამერიკის უდიდესი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა, პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამოსვლას ცდილობს, რამაც მგზავრების ნაკადი შეამცირა.

ხუთშაბათს, შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ თქვა, რომ მეტროს სისტემა, რომლის 965 კილომეტრიანი ლიანდაგები ქალაქ ნიუ-იორკს ყველა მიმართულებით კვეთს, 6 მაისიდან, ღამის 1 საათიდან, დილის 5 საათამდე დაკეტილი იქნება, რათა ბრიგადებს ყოველ ღამე ვაგონების დეზინფექციის საშუალება მიეცეს. ამ გადაწყვეტილების მიზანი კოვიდ-19-ის შემდგომი გავრცელების შეფერხებაა. მან ასევე თქვა, რომ ქალაქის ავტობუსების დეზინფექციაც ყოველ ღამე მოხდება.

სატრანსპორტო უწყების გეგმა, “მგზავრები დაიბრუნოს”, ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოებაზე. სააგენტოს პრესმდივანმა ები კოლინსმა თქვა, რომ “მგზავრებს სთხოვენ ჩვევები შეიცვალონ და ამაში სახის დაფარვაც შედის.”

ნიუ-იორკის მეტრომ, კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში მგზავრების ნაკადის 90 პროცენტზე მეტი დაკარგა. სააგენტომ, საკუთარი მძღოლების დასაცავად, ავტობუსებში მგზავრობის საფასურის მოკრებაც შეწყვიტა, რის გამოც შემოსავალი კიდევ უფრო შემცირდა.

წყარო: ამერიკის ხმა