ოპოზიციის ინტერესებში შედიოდა მოვლენების განვითარება, რაც არასტაბილურობას გამოიწვევდა – კობახიძე გაბუნიას საქმეზე

უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დესტაბილიზაციის სურვილში რუსეთისა და ოპოზიციის ინტერესები ემთხვევა, ამიტომ ოპოზიციას გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით აწყობდა მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც დესტაბილიზაციას გამოიწვევდა.

“თქვენ წარმოიდგინეთ თუნდაც წარუმატებელი მცდელობა ასეთი რამის, საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე, ბუნებრივია ეს იქნებოდა წამახალისებელი ფაქტორი არასტაბილურობისთვის. ოპოზიცია ყოველთვის ეძებს წყაროს დესტაბილიზაციისთვის, ეს არის მათი საერთო სულისკვეთება. ამიტომ მათ ინტერესებში შედიოდა ნებისმიერი ისეთი განვითარება მოვლენების, რომელიც არასტაბილურობას გამოიწვევდა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე, გამოძიება რასაც დაადგენს, იმის მიხედვით უნდა გავაკეთოთ ჩვენ განცხადებები”,- თქვა კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე თქმით, ხელისუფლება პირდაპირ არავისზე მიანიშნებს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ მყოფ სუბიექტებზე.

“ჩვენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ყველაფერს გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება და არ გვაქვს უფლება ნებისმიერი განცხადება გავაკეთოთ პასუხისმგებლობის გარეშე. ბუნებრივია, ნებისმიერი პირდაპირი მინიშნება და პირდაპირ ბრალის წაყენება ვინმესთვის არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ნაბიჯი, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ ვერც გარე და ვერც შიდა სუბიექტის მიმართ. მთავარია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და იმედი გვაქვს, რომ კონკრეტულ შედეგზე გავა საქმე“, – განაცხადა კობახიძემ.

“რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს რამზან კადიროვი არ გააღიზიანოს, რის გამოც ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ოპონენტებზე ხელს იშვერს, რაც უზნეობაა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის მოქალაქის სიცოცხლეზე წინ არ უნდა დააყენოს ქვეყნის მტრების შიში და კრძალვა.