როგორი იყო COVID-19-ით გარდაცვლილი მე-7 ადამიანის მდგომარეობა – გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილ მეშვიდე ადამიანს მრავალი თანხმლები დაავადება ჰქონდა.

“აქ იყო დადასტურებული შემთხვევა კოვიდინფექციის, მაგრამ ამავე დროს იყო საკმაოდ დიდი ჩამონათვალი თანმხლები დაავადებების. ავამყოფი მძიმე კრიტიკული იყო. ის მკურნალობდა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მიმდინარეობდა მისი ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული მხარდაჭერა. სამწუხაროდ, მიღებულმა ზომებმა შედეგი არ გამოიღო. ასევე იყო თანმხლები გულსისხლძარღვთა სისტემის მრავალი პათოლოგია, იყო ჰიპერტონული დაავადება, იყო გულის უკმარისობა, იყო სარქვლოვანი უკმარისობა და კიდევრ მრავალი სხვა”, — განაცხადა გამყრელიძემ იმედის ეთერში.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, გარდაცვლილი 83 წლის კაცი იყო.

“4 აპრილს გადმოიყვანეს თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან. უმძიმესი პაციენტი იყო. იყო აპარატულ სუნთქვაზე, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ორივე თირკმლის უკმარისობა, გულის უკმარისობა, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი. კიდურები ჰქონდა მოკვეთილი”– ამბობს ტურძელაძე.

საქართველოში კორონავირუსით მე-7 პაციენტი დღეს გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 207 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.