საფრანგეთში პირველი ტრანსგენდერი მერი აირჩიეს

საფრანგეთის ქალაქ ტიუა–ლე–მარშენის  კომუნის საბჭომ პრაქტიკულად ერთსულოვნად აირჩია ქალაქის ხალ მერად ტრანსგენდერი ქალი მარი კო.

55 წლის კანდიდატი გარემოს დაცვის და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების პროგრამით გამოდიოდა. ის საფრანგეთში პირველი ტრანსგენდერი მერია.

მარი კო განათლებით აგროტექნიკოსია.

ტიუა–ლე–მარშენი ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთით, ბელგიის საზღვართან მდებარე პატარა ქალაქია 600 მოსახლით.

მუნიციპალური არჩევნები იქ მარტში ჩატარდა და გამარჯვება მოუტანა პოლიტიკურ ძალას “ერთად გადავწყვიტოთ“, რომლის სიით იყრიდა კენჭს მარი კო. ქალაქის მერი მოქალაქეების მიერ პირდაპირ არ აირჩევა. მას კომუნის საბჭო იწვევს. საბჭოს 15 წევრიდან 14–მა შაბათს ხმა კო–ს მისცა.

არჩევის შემდეგ მან სააგენტო ფრანს პრესს განუცხადა, რომ ის “აქტივისტი არ არის“ და აპირებს არა გენდერულ პრობლემებზე, არამედ მუნიციპალიტეტის საქმეებზე კონცენტრირდეს.

“ხალხს იმიტომ არ ავურჩევივარ, რომ ტრანსგენდერი ვარ. მათ ჩემი პროგრამა აირჩიეს“– თქვა მან.

“ტრანსგენდერების არსებობა საზოგადოებაში და მათ მიმართ არსებული ფობიების დაძლევა, მათ შორის, მათ მიერ პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი საქმეების შესრულებაზეა დამოკიდებული. ვულოცავ მარი კო–ს!“– დაწერა ტვიტერზე საფრანგეთის გენდერული თანასწორბის საკითხთა მინისტრმა მარლენ შაპამ.

ტიუა–ლე–მარშენის არჩევნებმა აჩვენა, რომ ფრანგები უფრო პროგრესულები ხდებიან, ხმას აძლევენ ინდივიდის ღირსებებიდან გამომდინარე და არა მათი გენდერული კუთვნილების  მიხედვით – განაცხადა ტრანსგენდერთა ნაციონალური ასოციაციის თანადამფუძნებელმა სტეფანი ნიკომ.