სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაა – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

”გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად ვთვლი. ყველა ჩვენს მომხრეს რესპუბლიკის მოედანზე ვიწვევ. მალე მივმართავ ერს პირდაპირ ეთერში ”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხური მედიის ინფორმაციით, დღეს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განცხადება გაავრცელა, სადაც სამხედრო მაღალჩინოსნები ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსი, ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრემიერი ამბობს, რომ გასპარიანისა და მისი მოადგილის გადაყენებას ხელი მანამდე მოაწერა, სანამ გენერალური შტაბი მისი გადადგომის მოთხოვნით განცხადებას გაავრცელებდა.

ამ წუთებში  ნიკოლ ფაშინიანი რესპუბლიკის მოედანზე მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობას მართავს.