ფიზიკურად გამისწორდა ბავშვის თანდასწრებით, მამამისი რაღაც საგნით გამომეკიდა – ბასილაშვილის ყოფილი ცოლი

ოჯახში ძალადობის საქმეში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი, რუსთავი 2-თან ინტერიუში ამბობს, რომ მისი ყოფილი ქმარი ფიზიკურად ბავშვის თანდასწრებით გაუსწორდა.მისივე თქმით, დაპირისპირების მიზეზი არ იცის და მომხდარს ქონებრივ დავასთან კავშირი არ აქვს.

“დასრულებული გვქონდა ქონებრივი დავის საკითხი, დიდი ხნის წინ. მოლაპარაკებით დავასრულეთ, თან თვითონ აწყობდათ ეს მოლაპარაკება….ბავშვს მივაკითხე წამოსაყვანად. დაპირისპირების მიზეზი ჩემთვის დღემდე გაუგებარია, უბრალოდ მივაკითხე ჩემს შვილს წამოსაყვანად, ძალადობას ჰქონდა ადგილი, ფიზიკურად გამისწორდა ბავშვის თანდასწრებით, ექსპერტიზა ჩამიტარდა და ახლაც მიმდინარეობს. გირაოთი რომ გამოუშვებდნენ, არ ველოდი”, – ამბობს დოროყაშვილი.

მისივე თქმით, ბასილაშვილის მამა დიდტარიანი საგნით გამოეკიდა.

“არ ვიცი რა დაემართა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაც იარაღით. თვითონ იძახის რომ ეს იყო გიტარა, მე ვერ ვადასტურებ რა იყო. დიდი ტარი ჰქონდა. მე მეგონა, იყო ნაჯახი… არც მახსოვს ნორმალურად, გამოვიქეცი და მანქანაში ჩავჯექი. ვერ ვიხსენებ კონკრეტულ დეტალებს. მამა გამომეკიდა რაღაც საგნით, არ მახსოვს რა საგანი იყო, ძალიან დიდი ტარი ჰქონდა”,- ამბობს დოროყაშვილი.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. დღეს სასამართლოზე ის 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და ბასილაშვილი უდანაშაულოა.

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობას გულისხმობს.