ხანგრძლივი კოვიდი – მსუბუქ პაციენტთა მესამედს სიმპტომები 45 დღის შემდეგაც აღენიშნება

დღეისათვის მსოფლიომ უფრო მეტი იცის ახალი კორონავირუსის შესახებ, ვიდრე 2020 წლის დასაწყისი, თუმცა კოვიდ19 კვლავ არაპროგნოზირებად დაავადებად რჩება. დღეისათვის დაავადებულთა საშუალოდ 81 პროცენტში ის საშუალო სიმძიმით ვითარდება და სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ სიმპტომების მრავალფეროვნება და ხანგრძლივობა მას ბევრი სხვა ვირუსული ინფექციისგან გამოარჩევს.

ამ დროისთვის დაგროვილი მონაცემებით კორონავირუსი ზოგჯერ უჩვეულოდ ხანგრძლივ დაავადებას იწვევს, რის გამოც ასეთ შემთხვევებს ხანგრძლივი კოვიდი შეარქვეს. ინფიცირებულები სიმპტომების შესახებ კვირების და ზოგჯერ თვეების შემდეგაც იტყობინებიან.

ამ ფენომენის უკეთ შესწავლის მიზნით, შვეიცარელი ექიმების და ეპიდემიოლოგების გუნდმა, რომლებიც ჟენევის უნივერსიტეტში და საუნივერსიტეტო საავადმყოფოების გაერთიანებაში მუშაობენ, 700-მდე პაციენტი შეისწავლეს. მათ ინფიცირებულთა ის ჯგუფი აინტერესებდათ, რომელთაც კოვიდ19-ის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღეს და ნაკლებად მწვავე სიმპტომების გამო, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ.

პაციენტების უმეტეს ნაწილს, თითქმის 70%-ს არ ჰქონდა თანმხლები, დამამძიმებელი დაავადებები. 58% ქალი იყო და 26%-მდე ჯანდაცვის მუშაკი. დაავადებულები გამოკითხეს ინფიცირებიდან 30 და 45 დღის შემდეგაც კი.

როგორც გაირკვა, დიაგნოზიდან 6 კვირის შემდეგაც კი, გამოკითხულთა თითქმის 33 პროცენტს ჯერ კიდევ აღენიშნებოდა კოვიდ-19-ის ერთი სიმპტომი მაინც. ე.წ. ხანგრძლივი კოვიდის მქონეთა სიმპტომებს შორის სახელდება დაღლილობის შეგრძნება, ყნოსვის და გემოს დაკარგვა, სუნთქვის უკმარისობა, ხველა და თავისტკივილი.

ნაშრომი 8 დეკემბერს გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Annals of Internal Medicine (შეიძლება ითარგმნოს, როგორც “შინაგან სნეულებათა მატიანე”) კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ დაავადების პრევენცია კვლავ უპირობო პრიორიტეტად რჩება. ვაქცინაციამდე კი ისინი მოუწოდებენ ექიმებს, ვისაც კოვიდინფიცირებული პაციენტები ჰყავთ, მათთან უკეთესი, უფრო ხანგრძლივი კომუნიკაცია დაამყარონ და შეახსენონ მათ, რომ ეს ბევრი ნიშნით, არ არის ტრივიალური დაავადება.

ექიმი მეისამ ნემე, რომელიც კვლევის წამყვანი ავტორია, აღნიშნავს, რომ ფიზიკური სიმპტომების გარდა, პაციენტების დიდი ნაწილი ძალიან შეშფოთებულია კოვიდ-19-ის გრძელვადიანი შედეგებით. ისინი სისტემატურად კითხულობენ: „კიდევ რამდენ ხანს გასტანს ეს? რომელიმე ამ ნარჩენი მოვლენებიდან, არასდროს აღარ გამოსწორდება? იმის მიუხედავად, რომ ცოდნის დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ზუსტი პასუხი მედიცინას ჯერ არ აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმები შეშფოთებული პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი ვიყოთ და მათ კარგად მოვუსმინოთ“ – აღნიშნავს ექიმი ნემე.

მართალია, სარს-კოვ-2-ის გამოჩენიდან სულ რამდენიმე თვეში, მასზე სამეცნიერო და სამედიცინო ცოდნა მნიშვნელოვნად დაიხვეწა, მაგრამ ვირუსით გამოწვეული დაავადების ბევრი ასპექტი ჯერ კიდევ უცნობი რჩება. ბოლომდე არ არის გარკვეული კოვიდ-19-ის ევოლუცია და გართულებების, თუ ნარჩენი მოვლენების ფართო სპექტრი. „ამ კითხვების პირისპირ, ჩვენს ქვეყანაში პანდემიის გამოჩენისთანავე აღმოვჩნდით“ – ამბობს ეპიდემიოლოგი, პროფესორი იდრის გესოუსი, კვლევის სამეცნიერო დირექტორი.

ე.წ. ხანგრძლივი კოვიდ-19-ით დაავადებულებისთვის, შვეიცარიის საუნივერსიტეტო საავადმყოფოების გაერთიანებაში უკვე შექმნილია სპეციალური საკონსულტაციო ცენტრი. ის ხანგრძლივი კოვიდის მქონე პაციენტებს ემსახურება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების და ჯანდაცვის სისტემაში სწორად ნავიგაციის მიზნით.

წყარო: ამერიკის ხმა