აგრესორი მეზობლის ხელით საქართველოს თავისი წილი კოშმარი აქვს გამოვლილი – აშშ-ს საელჩო

საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა 9 აპრილსა და რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ქართველებს პატივი მიაგო.

“საქართველოში განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიან რუსეთის მიერ წინასწარგანზრახულ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში, ვინაიდან ხალხს კარგად ახსოვს გატეხილი პირობების, ძალადობისა და ოკუპაციის ისტორია რუსეთთან. ამის გამოა, რომ ათობით ათასი ადამიანი გამოდის აქციებზე, აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას, მასპინძლობს და გვერდში უდგას უკრაინელ ლტოლვილებს. სამწუხაროდ, რუსული არმიის სისასტიკე საუკუნეებს ითვლის და აგრესორი მეზობლის ხელით საქართველოს თავისი წილი კოშმარი აქვს გამოვლილი.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ძალების მიერ დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრანტებზე თავდასხმისა და მათი დახოცვის სასტიკი ქმედება მწარე მოგონებად სამუდამოდ დარჩება. თუმცა, რუსული სისასტიკე ამ დღის სიმბოლო არასოდეს იქნება, ვინაიდან 9 აპრილი ეკუთვნით ქართველებს, რომლებმაც თავისი ქვეყნის თავისუფლების სურვილით არნახული სიმამაცე გამოიჩინეს და საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გაუკვალეს გზა”,– წერს აშშ-ს საელჩო.

ცნობისთვის, დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წელს საბჭოთა კავშირის არმიამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მოქალაქეების აქცია, რომლებიც პარლამენტის წინ დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. საბჭოთა ჯარმა ტანკები, ცეცხლსასროლი იარაღი, ნიჩბები და მომწამლავი აირი გამოიყენა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა.