“ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“ – ცერცვაძე TV პირველსა და მთავარ არხს უპირისპირდება

“ადამიანებო, იყავით ფხიზლად!” – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტელემაყურებელს მიმართავს და კრიტიკულ მედიას უპირისპირდება.

ის მთავარი არხის წამყვანს, ეკა კვესიტაძეს და ტელეკომპანია პირველს დემაგოგიასა და უზნეობაში ადანაშაულებს.

“2 მარტს ღამის „მთავარში“ ქ-ნი ეკა კვესიტაძე შეეცადა, მაყურებლები დაერწმუნებინა, რომ „დღეის შემდეგ მათთვის ახლობელი თითოეული ადამიანის COVID-19-ით გარდაცვალება ხელისუფლების ბრალია და არა კორონავირუსის?!“ მანვე განაცხადა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია დიდი ხანია დაიწყეს, COVID-19-ის ახალი შემთხვევები დრამატულად არის შემცირებული (დიდი ტყუილი), ხოლო ლოქდაუნები მოხსნილია (კიდევ ერთი ტყუილი).

ამავე დროს „ტვ პირველმა“ განათავსა ჯანდაცვის მინისტრის ფოტოები წარწერით, რომ ბოლო 24 საათში 10 გარდაცვლილი არის შეუსრულებელი დაპირების საფასური?! და ადამიანების სიცოცხლით თამაში. ეს არის უპრეცედენტო დემაგოგიის და უზნეობის მაგალითი ამ ტელევიზიების მხრიდან”,– წერს ცერცვაძე Facebook–ზე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ არ ეგონა, თუ აღნიშნული ტელევიზიები “გარდაცვლილი ადამიანებით მანიპულირებას გაბედავდნენ”.

“სადმე გინახავთ, ან მოგისმენიათ, რომ მსოფლიოს რომელიმე ტელევიზიას მსგავსი განცხადება გაეკეთებინოს? რა, 2 მარტს რომ ვაქცინა შემოგვეტანა, იმ დღეს ის 12 ავადმყოფი აღარ მოკვდებოდა? მე კარგად ვიცნობ ამ ტელევიზიებს, მაგრამ არ მეგონა, იმ დონემდე თუ დაეშვებოდნენ, რომ გარდაცვლილი ადამიანებით მანიპულირებას და სპეკულირებას გაბედავდნენ. მინდა მივმართო საზოგადოებას იულიუს ფუჩიკის სიტყვებით, რომლითაც იგი მსოფლიოს ფაშიზმის მოახლოვების საფრთხეზე აფრთხილებდა „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“,– წერს თენგიზ ცერცვაძე.